„მოთხოვნა შესუსტდა - მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად არის შემცირებული,“ - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2024 აგვისტოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ განაგრძო გაუმჯობესება, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით.
ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ.
„შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ითაა შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას,“- ნათქვამია მიმოხილვაში.