ბათუმში ხელოვნურ კუნძულზე თავდაპირველად 4-5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, დანარჩენი ტერიტორიის ათვისებას კი კომპანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პროცედურის დასრულების შემდეგ მოახდენს. ამის შესახებ აღნიშნულია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების - სკოპინგ ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამ ეტაპზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან ითხოვს. განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) სკოპინგის ანგარიში კი განსახილველად და სკოპინგის დასკვნის მისაღებად გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გადაგზავნილი.
სკოპინგ ანგარიშის მიხედვით, „ორ ნახევარკუნძულზე, ერთ კუნძულზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებამდე შესაძლოა განხორციელდეს არაუმეტეს 4-5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დანარჩენი ფართობის ათვისება განხორციელდება აღნიშნულ დოკუმენტზე სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ“. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, ეს 4-5 შენობა-ნაგებობა ჯამურად განთავსდება 8,4 ჰექტარზე, ხოლო 1.3 ჰექტარი გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების პარკის მოსაწყობად (საუბარია 99 797 კვ.მ ფართობზე).
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ინფრასტრუქტურა განთავსებული იქნება 84 ჰა ზომის მიწის ნაკვეთზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს კონკურენტულ ზომად საერთაშორისო ბაზარზე მსგავსი ტიპის პროექტების ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით, შეთავაზებულია საპროექტო ტერიტორიის 51 %-ის (43 ჰა) განვითარება/განაშენიანება. დარჩენილი 49% გათვალისწინებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებისთვის, სატრანსპორტო და საინჟინრო საჭიროებებისთვის“, - წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2024 წლის 27 სექტემბრით დათარიღებულ წერილში.
დოკუმენტის მიხედვით, განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა ძირითად ფუნქციას - საცხოვრებელი, სასტუმრო, სავაჭრო, გასართობი, სპორტული, დასასვენებელი, ჯანდაცვის და განათლების ჩათვლით. განხილული ფუნქციები ასახულია გდგ-ს კონცეფციაში.
კუნძული დაყოფილია 3 ძირითად ცენტრად:
პროექტში ჯამურად გათვალისწინებულია 5.5 ათასი ბინა, 105 ვილისთვის გათვლილი მიწის ნაკვეთი, 19 ათასი სერვის აპარტამენტი, 2 ათასი სასტუმროს ნომერი და სხვა შემდგომში ეს ცენტრები იყოფა კლასტერებად და უფრო მცირე ერთეულებად/ზონებად.
კომპანიის კონცეფციის მიხედვით, „ურბანული განვითარების კოეფიციენტებისა და ბაზრის ათვისების მაჩვენებლების გათვალისწინებით, კუნძულზე მოაზრებულია 2.36 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის განვითარება. ხელოვნურ კუნძულზე, ქალაქის/უბნის ეფექტური ოპერირებისთვის ყველა საჭირო ფუნქცია იქნება განთავსებული“. „ამბასადორში“ თვლიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული ხედვა თანხვედრაშია ძირითად სექტორულ ინდიკატორებთან, ბათუმის მზარდი მოსახლეობის, ტურიზმის და საცხოვრებელი ბაზრების გათვალისწინებით.
დოკუმენტის მიხედვით, მარჯვენა ნახევარკუნძულზე ჯამში 24-მაღალსართულიანი, 40-50-სართულია შენობის აშენებაა დაგეგმილი. ყველა შენობა მზის სისტემებით აღიჭურვება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 6.9 ათასი სერვის აპარტამენტი და 2.1 ათასი ბინა იქნება, შედარებით ნაკლები კი სასტუმროს ნომრები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) სკოპინგის ანგარიში განსახილველად და სკოპინგის დასკვნის მისაღებად გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გადაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. ამჟამად მიმდინარეობს წყალში მიწის მოწყობის სამუშაოები, რის დასრულებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება. ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია 5 ჰექტარამდე მიწის ფართობი. მასზე ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების მშენებლობას, გენერალური გეგმის მიხედვით, კიდევ დამატებითი დრო დასჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტზე „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა.