რამდენი ადამიანი მიდის საქართველოდან ემიგრაციაში და როგორია მაჩვენებელი მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში ყოველ 288 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ანუ მიგრაცია დღეში 5 ადამიანს შეადგენს. ამის მიუხედავად, ქვეყანაში, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, მიგრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მონაცემებს world population review მოსახლეობის შეფასებებისა და პროგნოზების შესახებ გაეროს 2024 წლის რევიზიის, World Population Prospects-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსახლეობა 2 ოქტომბრის მდგომარეობით 3,807.583 ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელზე 0.06%-ით მეტია. ანალოგიურ მატებას 2025 წელსაც პროგნოზირებენ, თუმცა 2030 და შემდეგ წლებში მზარდი ემიგრაცია და შობადობის კლება მოსახლეობის მუდმივ შემცირებას გამოიწვევს. მაგალითად, 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა ერთ წელიწადში 0.08%-ით შემცირდება.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დიდი მიგრაციის მაჩვენებელი რუსეთშია. კერძოდ, რუსეთს ყოველ 2,95 წუთში ერთი ემიგრანტი ჰყავს, ხოლო დღეში მიგრაციით მოსახლეობას 487 ადამიანი აკლდება. ამჟამად ფედერაციის მოსახლეობა 144, 621.751 ადამიანს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, 0.24%-ით ნაკლებია. მოსახლეობის კლება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება და რუსების რაოდენობა 2025 წელს 0.33%-ით, 2030 წელს კი 0.29%-ით შემცირდება.

შემდეგი სომხეთია, სადაც მიგრაციის მხრივ, ასევე, რთული მდგომარეობაა. კერძოდ, ყოველ 17,57 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ხოლო დღეში ქვეყანას 82 ემიგრანტამდე ჰყავს. ბოლო მონაცემებით, სომხეთში 2,968.383 ადამიანი ცხოვრობს, რაც, 2023 წელთან შედარებით, 0.48%-ით მეტია. 2025 წელს ოდნავ ნაკლები, 0.42%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული, თუმცა 2030 წელს, პირიქით, მოსახლეობა 0.69%-ით შემცირდება, რაც შემდეგ წლებშიც გაგრძელდება.

აზერბაიჯანში ყოველ 48 წუთში ერთი, ანუ დღეში 30 ემიგრანტი ფიქსირდება. ამჟამად ქვეყნის მოსახლეობა 10,352.961 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელზე 0.44%-ით მეტია. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში შემდეგ წლებში მოსახლეობის ზრდა გაგრძელდება და 2025 წელს 0.42%-ს, ხოლო 2030 წელს 0.51%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ