„აზერბაიჯანი ბენზინს ჯერ ვერ გვაძლევს, რაღაც ტექნიკური საკითხებია დარჩენილი“

„აზერბაიჯანი ბენზინს ჯერ ვერ გვაძლევს, რაღაც ტექნიკური საკითხებია დარჩენილი“ , - ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში საწვავზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ევრო5-ის სტანდარტზე ქარხნების გადაიარაღება თითქმის დასრულებულია, ახლა ინსპექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც საქართველო აზერბაიჯანულ ბენზინსაც მიიღებს.

„რუსეთის ბაზარი არ არის პროგნოზირებადი, ჩვენ ვიცით და გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალ წლამდე ბენზინს არ გვაძლევს. სამაგიეროდ, აძლევს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, აზიური ქვეყნების წარმომადგენლებს... ახლა, რა და როგორ იქნება, არ ვიცით. სამაგიეროდ, გვაძლევს მისი მეზობელი ბელარუსი, ასევე რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და შუა აზიაც. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, შუა აზიური საწვავი ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რაც გვაქვს ქვეყანაში დღეისთვის (ჩვენ გვაქვს ევრო5).

რაც შეეხება, აზერბაიჯანს, დღეს დიზელზე უარს არ გვეუბნება, ევრო 5-ის სტანდარტის არის დიზელიც, ბენზინს ჯერ ვერ გვაძლევს, გადაიარაღება ფაქტობრივად, დასრულებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი კომისია და ინსპექტირებაა საჭირო, რომ ევრო 5 ჩვენთან წამოვიდეს. რაღაც ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და სხვა დიდი მიზეზი არაფერია.

ვერ ვიტყვი, თურქმენულ საწვავზე, რომ ის რაიმე სტანდარტებში ჯდება, არც ყაზახეთს არ აქვს დიდი თანამედროვე ევრო 5-ის ქარხნები, ამიტომ ჩვენ უფრო ევროპული ნაწილიდან მოგვაქვს. ევროპული ნაწილია, ბელარუსი, რუმინეთი, ბულგარეთ. მოგეხსნებათ, რომ ბულგარეთში არის „ლუკოილის“ ქარხნები, ევრო 5-ის, კარგი ხარისხის, ასევე, რუმინეთში არის „რომპეტროლის“ ქარხნები და იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანიები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საკუთრებას ფლობენ, პრობლემა არ გვაქვს, ქართული ბაზარი ივსება ამ ქვეყნებიდან მოწოდებული საწვავით“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია SOCAR-ის კუთვნილი ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევრო 5-ის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო ბენზინის წარმოებისთვის ქარხნების გადაიარაღებას აქტიურად ახორციელებს.

ნინი ქეთელაური