თბილისში ბინების ტრანზაქციებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი, რუსეთის მოქალაქეების კი შემცირდა

თბილისში ბინების ტრანზაქციებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი, რუსეთის მოქალაქეების კი შემცირდა, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

„გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში შერჩეული დეველოპერების პროექტებში ბინების გაყიდვები გაუმჯობესდა, მაისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, როცა გაყიდვებზე იმოქმედა დასვენების დღეების სიუხვემ და ქუჩის პროტესტებმა.

პოზიტიური ტრენდის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება - აგვისტოს გაყიდვები 2.6%-ით ნაკლები იყო 2024 წლის პირველი 4 თვის საშუალოსთან შედარებით.

2024 წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი წინა წლის მსგავსად, 78%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა 5%-დან 11%-მდე, რამაც დააკომპენსირა რუსეთის მოქალაქეების წილის 9%-დან 2%-მდე შემცირება.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი