ციფრული მმართველობის სააგენტომ გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით, DDOS-ის კიბერშეტევის პრევენციისთვის აპარატურულ-პროგრამული უსაფრთხოების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
შესყიდვის ღირებულება 3 496 750 ლარია. ხელშეკრულების დადების ვადები კი 2 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის პერიოდს მოიცავს.
შესყიდვის თანახმად, ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა DDOS შეტევა, კერძოდ, DNS flooding, რამაც ქსელური ინფრასტრუქტურის პარალიზება გამოიწვია.
ცნობისთვის, DNS flooding არის Distributed denial-of-service-ის მასშტაბური კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახე, სადაც თავდამსხმელი ცდილობს გახადოს ინტერნეტ-რესურსი ხელმიუწვდომელი. შეტევა მიზნად ისახავს Domain Name System სერვერების გადატვირთვას არასანქცირებული IP მისამართებიდან უამრავი ყალბი მომართვის გენერირებით.
შეტევის მიზანია DNS სერვერების რესურსების ამოწურვა, რაც იწვევს ლეგიტიმური მოთხოვნების დაბლოკვას ან შენელებას. აღნიშნულს შედეგად მოჰყვება დიდი რაოდენობით სესიების დამუშავების აუცილებლობა, რაც ახდენს ინფრასტრუქტურის შეფერხებას.