თბილისში 64 უფასო სასადილოა, რომლითაც 44 436 ბენეფიციარი სარგებლობს

თბილისში 64 უფასო სასადილოა, რომლითაც 44 436 ბენეფიციარი სარგებლობს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის მომსახურების ფასი 1.7 ლარია.

ამასთან, ძირითად სიაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა გარდა, რომელთა რაოდენობაც 42 160-ია და რომელთაც მათზე გათვლილი ულუფის ყოველდღიურად მიღება შეუძლიათ, უფასო სასადილოებში რეგისტრირებულია დამატებითი სიის 2 276 ბენეფიციარიც, რომელიც საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სასადილოში ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ გამოცხადდება.

ყველაზე მეტი ბენეფიციარი ნაძალადევის რაიონში მდებარე უფასო სასადილოებს ჰყავს. ამ რაიონში სულ 10 სასადილოა, სადაც ძირითად სიაში 8053, ხოლო დამატებით სიაში 705 ბენეფიციარია რეგისტრირებული.

ინფორმაციისთვის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სასადილოებით მომსახურების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა აღრიცხვის საქმის წარმოების ინსტრუქციის“ შესაბამისად, ბენეფიციარები საკვებს უფასო სასადილოში იღებენ ყოველდღიურად, შეუზღუდავად, განკუთვნილი ულუფის ფარგლებში. ძირითადი სიის ბენეფიციარებზე საკვები გაიცემა არანაკლებ 6 საათის განმავლობაში - 14:00 საათამდე, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე სადილს იღებენ დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარები. ძირითადი სიის ბენეფიციარები კუთვნილ ულუფას იღებენ ყოველდღიურად, ბენეფიციარის არგამოცხადების შემთხვევაში, მათ ნაცვლად საკვებს იღებენ დამატებითი სიის ბენეფიციარები.