საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის დაჯილდოვდა. World Bank Group-მა საქართველო - მომხმარებლის უფლებების დაცვის, განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის მიმართულებით, სამიდან ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას, რომელიც 27 სექტემბერს ვაშინგტონში გაიმართა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრო.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), მსოფლიო ბანკისა (World Bank Group) და მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიღებული ჯილდო - საქართველოში, მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, გადადგმული წარმატებული ნაბიჯების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„საქართველოს მიერ მოპოვებული ჯილდო ხაზს უსვამს ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში მომხმარებლის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი აღსრულების მექანიზმების წარმატებულ ფუნქციონირებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სწრაფად და ეფექტურად ხდება განცხადებების განხილვა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტა. ამაზე მეტყველებს სააგენტოსადმი გაზრდილი მომართვიანობა და ნდობის მაღალი მანდატი. მადლობას ვუხდი GCCA -ს გუნდს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ექსპერტებს და თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის - ეს ჯილდო ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგების აღიარებაა,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიწვევით, კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი 2022 წელს მიიღო და მის აღმასრულებელ უწყებად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განისაზღვრა. 2023 წლიდან, GCCA არის ICPEN პარტნიორი, რომელიც მსოფლიოში მომხმარებლის დაცვის მიმართულებით 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.