აშშ-ს საბანკო სანქციები არ უზღუდავს ადამიანებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას, შესაძლებელია, ხელფასების სალაროდან გაცემაც - იურისტი

„ტრანზაქციებს აკვირდება არაერთი უწყება როგორც ელექტრონულად, ასევე სპეცსამსახურების მეშვეობით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ხელფასს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

„ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს... ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?“ - განაცხადა გომელაურმა, თუმცა, ტვ „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, თუ რომელ ბანკში იღებენ ხელფასს ეს ადამიანები.

ამერიკის სახელმწიფო ხაზინის სანქცია საბანკო ტრანზაქციების შეზღუდვაზე მის ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილებში და მათ კლიენტებთან მიმართებაში, არ ნიშნავს საკუთრების ჩამორთმევას ანაბრებზე, დეპოზიტებზე, ანგარიშზე არსებულ ფულად თანხებზე. ეს ნიშნავს, რომ ის ვერ მიიღებს საბანკო მომსახურებას დოლარში.

ასევე, ამერიკის საბანკო სანქციები არ ზღუდავს ადამიანებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ნაწილში. ასევე, შეზღუდვა არ ეხება ბანკში მისვლასა და სალაროს საშუალებით თანხის შეტანა-გამოტანას,“ - დასძინა იურისტმა.

ალაფიშვილის თქმით, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდოდ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რადგან ხელფასების გაცემა მეტწილად ეროვნულ ვალუტაში ხდება, შესაძლებელია თანხის სალაროდან გაცემაც.

„თუმცა გამორიცხულია, რომ ნაღდი ანგარიშსწორება იმ სივრცეში მოექცეს (დოლარის), რომელსაც შეხება აქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან. არც კი ვუშვებ იმას, რომ ქართულმა რომელიმე ბანკმა შესაძლოა მსგავსი საბანკო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს. ეს რომ მომხდარიყო, უკვე გვეცოდინებოდა, რადგან ბანკებს მეორადი სანქციები დაუწესდებოდათ.

ბანკები თუკი ე.წ თავის ბარათებს გადასცემენ სანქცირებულ პირებს, პირდაპირ ხაზინის სანქციას არ დაარღვევენ, თუმცა რეპუტაციულად ძალიან დაზიანდებიან და შესაძლებელია სხვა საფუძვლით, მაგალითად, დახმარების საფუძვლით, სხვა სანქციების ქვეშ მოექცნენ,“ - აღნიშნავს იურისტი.

ალაფიშვილი განიხილავს მესამე ვერსიასაც. კერძოდ, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს აქვს პროტოკოლური ბარათი შეუზღუდავი ლიმიტითა და მრავალი ვალუტით. ეს არის კორპორატიული ბარათი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ანგარიშსწორებისთვის, მათ შორის, სამოგზაურო ხარჯებისთვის. აღნიშნული ბარათები გვარ-სახელებზე მიბმული არ არის.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით გავა ფონს, ცდება - ამ ტრანზაქციებს აკვირდება არაერთი უწყება როგორც ელექტრონულად, ასევე სპეცსამსახურების მეშვეობით. მერწმუნეთ, ძალიან გარისკავენ, თუ კორპორატიული ბარათით დაეხმარებიან სანქცირებულ პირებს. თუკი ამას შეეცდებიან და უჩვეულო ოპერაციები აღმოჩნდება ქართულ საბანკო სივრცეში, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია, ხაზინამ საქართველოს ბანკებს მოსთხოვოს, რომ კორპორატიული ბარათები კონკრეტულ პირებს მიაბას. საბოლოოდ სახელმწიფოს გაუფუჭებენ საქმეს,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

მერი ტაბატაძე