2025 წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრთგადაყვანა იკრძალება - რა მიმართულებებს შეეხება ცვლილება

მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ცვლილება შეეხება ასევე 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.

„საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით,“ - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში.

მერი ტაბატაძე