„დღეს საქართველოში აზარტულ მომგებიან თამაშებში თითქმის 1 მილიონი ადამიანია ჩართული“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში აზარტული თამაშების კომპანიების წლიური ბრუნვა კოლოსალურია და ის სულ უფრო იზრდება, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაცია „მანიველმა“ ფინანსთა სამინისტროს ფულის გათეთრების რისკების აღმოსაფხვრელად, კანონპროქტის შემუშავების რეკომენდაცია მისცა.
„მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონთან ერთად, კომპანიების ჯამური ბრუნვა შეადგენს 64,5 მილიარდ ლარს. აქედან მხოლოდ 20 მილიონი არის უცხოელი ვიზიტორების მიერ დადებული ფსონები და დანარჩენი არის ადგილობრივი მოსახლეობის.
ჩვენ როდესაც დავინახეთ რომ ეს ბრუნვა ძალიან იზრდებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დავაყენეთ ეს საკითხი, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროში. სწორედ მაშინ, საერთაშორისო ორგანიზაცია „მანიველმა“ მისცა რეკომენდაცია ფინანსთა სამინისტროს, რომ შეემუშავებინა კანონპროექტი ფულის გათეთრების რისკების წინააღმდეგ“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.
როგორც მან განმარტა, ორგანიზაციას „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საქართველოს მოქალაქეების თამაშებში ჩართვის პრევენციისთვის კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები აქვთ, რომელზეც მუშაობის დაწყება ოქტომბრიდან იგეგმება.
„ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო წინადადებები, რომელზე მუშაობის დაწყებასაც ველოდებით ოქტომბერში. ამ ხელისუფლებასთან კარგი კომუნიკაცია გვქონდა, კანონიც შევიმუშავეთ, მაგრამ მას აღსრულება მხოლოდ გადასახადების ამოღების კუთხით ჰქონდა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ კი არაფერი გაკეთებულა.
სამომავლოდ, რომელი ხელისუფლება იქნება, არ ვიცით, მაგრამ თუკი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოვა კოალიცია, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო წინადადებები გამზადებული, რომელშიც სწორედ დაბეგვრასთნ დაკავშირებით კონკრეტული ნორმები გვაქვს გათვალისწინებული. ასე მაგალითად, ის, რომ უნდა იბეგრებოდეს როგორც ფსონად დადებული თანხა, ასევე მოგებული თანხა, რათა მოთამაშეებს ნაკლები მოტივაცია ჰქონდეთ თამაშის.
ასევე გვაქვს გათვლილი სახელფასო ცენზი, რომლის მიხედვითაც, თუ მოქალაქეს წლიურად არ აქვს შემოსავალი 50 000 ლარის ოდენობით, მას ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს აზარტულ თამაშებზე. ხოლო თუ აქვს შემოსავალი 50 000, მისი მხოლოდ 8%-ის გახარჯვა უნდა შეეძლოს აზარტული თამაშებისთვის. ასევე გამოანგარიშებული უნდა იყოს, ამ 8%-ით რამდენის მოგების უფლებას მისცემს კომპანია მოთამაშეს“,- განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.