რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Newsweek-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსეთის პირობების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის 14 ივნისს ვლადიმერ პუტინმა ომის დასრულების შესახებ შეთნხმების მიღწევის პირობები დაასახელა, რომელთა შორის ერთ-ერთი დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის გაუქმებაა.
„ჩვენი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია და უცვლელი რჩება. რუსეთი ღიაა პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის, რომელმაც უნდა მოხსნას კრიზისის ძირითადი მიზეზები. ის უნდა მიზნად ისახავდეს კონფლიქტის დასრულებას და არა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება, კიევმა კი საომარი მოქმედებები. უკრაინა უნდა დაუბრუნდეს თავის ნეიტრალურ, არაბლოკურ და არაბირთვულ სტატუსს, დაიცვას რუსული ენა და პატივი სცეს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მიერ 2022 წლის 29 მარტს პარაფირებული სტამბულის შეთანხმებები შეიძლება გახდეს მოგვარების საფუძველი. ისინი ითვალისწინებენ კიევის უარს ნატოში გაწევრიანებაზე და შეიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს იმ მომენტში არსებული რეალობის აღიარებით. ზედმეტია იმის თქმა, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით.
14 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩამოთვალა მოგვარების წინაპირობები შემდეგნაირად: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა, რუსეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული ტერიტორიული რეალობის აღიარება; უკრაინის ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსი; მისი დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია; რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფა; და რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის მოხსნა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.