უზარმაზარი კურორტი, ვონსან-კალმა, რომელსაც ესპანეთის კურორტ ბენიდორმის ანალოგიით “ჩრდილოეთ კორეის ბენიდორმს” უწოდებენ, გასახსნელად ემზადება.
ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.
პროექტი მდიდარი ტურისტების მისაზიდად შეიქმნა. კურორტის მშენებლობა ვონსანში, ყოფილი სარაკეტო მოედნის ადგილზე 2018 წელს დაიწყო. სამუშაოები კოვიდპანდემიის გამო შეჩერდა და ზოგიერთ შენობაში უკანონო მცხოვრებლები შესახლდნენ. თუმცა ხელისუფლებამ კურორტის მშენებლობა განაგრძო და მისი გახსნა მაისში არის დაგეგმილი.
კურორტის პოპულარობაზე ფხენიანის მოლოდინისგან განსხვავებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვონსან-კალმის პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ჩრდილოკორეულ კურორტზე დამსვენებლების მიზიდვა რთული იქნება.
ექსპერტი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, ჯეიკობ ბოგლი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიამდე ქვეყანას ყოველწლიურად მხოლოდ 150,000-დან 200,000-მდე უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, ამის გათვალისწინებით კი “ვონსან-კალმის კურორტი მეტწილად შიდა ტურიზმზე იქნება დამოკიდებული.” თუმცა კურორტის განლაგება სპეციალურად უცხოელი დამსვენებლებისთვის არის გათვლილი.
ვარაუდობენ, რომ უცხოელი ვიზიტორების უმეტესი ნაწილი რუსი და ჩინელი ტურისტები იქნებიან. თუმცა ხელისუფლებისთვის ვიზიტორთა შედარებით მცირე რაოდენობაც კი შესაძლოა, პრობლემური გახდეს, რადგან ობიექტის მშენებლობის დროს სერიოზული სირთულეები გაჩნდა, როგორიც პარკირებისა და კანალიზაციის პრობლემაა.
ცნობისთვის: აგვისტოში სააგენტო, Reuters ტურისტულ კომპანიებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარს გახსნიდა. კერძოდ, საერთაშორისო ტურიზმი პირველ ეტაპზე ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ სამჯიენში განახლდება, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბრიდან უცხოელი ტურისტები შესაძლოა, ქვეყნის დანარჩენ ნაწილშიც შეუშვან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ