საქართველოს საფინანსო ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა. დოკუმენტში ასევე საუბარია, აღნიშნული მიკროსაფინანსოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ.
განკარგულებაში ვკითხულობთ - „გაუქმდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2014 წლის 15 ივლისის №707 განკარგულება“.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ამასთან, განკარგულება უნდა ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას 30 მეწილე ჰყავს, რომელთა შორის, აქციების ყველაზე დიდ ნაწილს, 15%-ს ფლობს ივანე ბარბაქაძე, ხოლო 10-10%-ს ირაკლი გუნია და მანანა კავთიაშვილი. დირექტორია მერაბ მარდალეიშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო, 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით ბაზარზე სულ 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.