ევროპაში სიკვდილის ყოველი მე-11 შემთხვევის მიზეზი ალკოჰოლია. ინფორმაციას გაერო-ს ვებგვერდი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო-ს) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პორტალის ცნობით, ალკოჰოლის მოხმარება 200-ზე მეტ დაავადებას უკავშირდება. მათ შორის კიბოს შვიდი სახეობა აღინიშნება. ამასთან, გაერო ხაზს უსვამს, რომ ევროპელების მხოლოდ ნახევარზე ნაკლებს ესმის, თუ რამდენად საშიშია ალკოჰოლი. მაგალითად, ევროპის 14 ქვეყანაში ქალების მხოლოდ 21%-მა იცის, რომ ალკოჰოლის თუნდაც მცირე რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, პოტენციურად მკერდის კიბო გამოიწვიოს.
ევროპელებში ალკოჰოლის საფრთხეზე დაბალი ინფორმირებულობის გამო ჯანმო ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამ კამპანიის ფარგლებში, ოფიციალური სტატისტიკის გარდა, ასევე, გავრცელდება ისტორიები იმ ევროპელების პირადი გამოცდილებიდან, რომლებმაც ალკოჰოლის ნაკლები მოხმარება გადაწყვიტეს.
„ფიზიკური შედეგების გარდა, ალკოჰოლი, ასევე, მასშტაბურ სოციალურ პრობლემებს იწვევს. ალკოჰოლის მოხმარება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური და გენდერული ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის საგზაო ტრავმებსა და სხვა პრობლემებს იწვევს, რომლებიც არა მხოლოდ თავად ალკოჰოლის მიმღებ პირებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და, მთლიანად, საზოგადოებაზე ახდენს გავლენას,“ - აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის მრჩეველი, გოდენ გალეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ