სად არის იმდენი ავტობუსი, რომ საქალაქთაშორისო რეისები რეგულარულად განხორციელდეს? - „დიდუბის ავტოსადგური“

„ეს წინადადება დასახვეწია, სად არის საქართველოში ამდენი ავტობუსი“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).

როგორც მიქატაძე აღნიშნავს, მაგალითისთვის, ქუთაისში დღეში 40 რეისი სრულდება, ქვეყანაში კი არ არის საკმარისი ავტობუსი, რომ ასეთ მარშრუტებზე მგზავრების რეგულარული გადაყვანა განახორციელოს.

„გაუგებრობაა ნამდვილი, ჯერ ერთი, სად არის ამდენი ავტობუსი? გვირაბს იქით ყველა ტერიტორია 150 კმ-ზე მეტითაა დაშორებული. ფაქტობრივად, ეს მოიცავს ყველა დიდ რეისს. სად არის საქართველოში იმდენი ავტობუსი, რომ რეგულარულად, მაგალითად, ქუთაისში დღეში 40 რეისი განხორციელდეს. ეს ჩემთვის გაუგებარია და თუ ასე უნდა იყოს, გაფრთხილებულები უნდა ვიყოთ და წინასწარ მივიღოთ ზომები. ჩვენ ვიცოდით, რომ მგზავრთა გადაყვანა როგორც მიკროავტობუსით, ასევე 8-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსით იქნებოდა შესაძლებელი. თუ კანონში რამე ცვლილება განხორციელდა, ვფიქრობ ეს წინადადება დასახვეწია და უნდა მოვიდეს თანხვედრაში კანონის წინა რედაქციასთან,“ - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სულ მოძრაობდა 54.1 ათასი მიკროავტობუსი და ავტობუსი, აქედან 50.7 ათასი, ანუ 93.7% იყო 10 წლის და მეტი ასაკის.

იხილეთ ასევე: 2025 წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრთგადაყვანა იკრძალება - რა მიმართულებებს შეეხება ცვლილება

მერი ტაბატაძე