ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა - რამდენი მოგზაური ეწვია საქართველოს

მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასული წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ჩინეთიდან 33 014 ტურისტი ეწვია, ხოლო წელს ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 66 485-მდეა გაზრდილი. ეს კი წლიურად 101.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ჩინეთი ვიზიტორების მიხედვით, საქართველოს ტოპ-15 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა კი 30-დღიანია. ამასთან, უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ამოქმედდა ჩინეთში უვიზო მიმოსვლა. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 5.79 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 4.1%-იან ზრდას აჩვენებს. აღნიშნული ვიზიტებიდან 750 ათასზე მეტი არატურისტული მიზნით, 5 მილიონზე მეტი კი ტურისტული მიზნით განხორციელდა.

მერი ტაბატაძე