Uber-მა აფრიკული ტური დაიწყო - რა ღირს მგზავრობა

ტაქსის გამოძახების ამერიკული აპლიკაცია Uber-მა აფრიკული საფარის ორგანიზება დაიწყო. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, ახალი სერვისი, Uber Safari, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში ამოქმედდა. ერთდღიანი მოგზაურობის ფარგლებში ტურისტებს საშუალება აქვთ, ე.წ. აფრიკული „დიდი ხუთეული,“ ანუ ლომები, სპილოები, კამეჩები, გეპარდები და მარტორქები იხილონ.

კომპანიის ცნობით, Uber Safari-ის ბრენდის ავტომობილით სერვისი კეიპტაუნიდან კერძო ნაკრძალ Aquila Private Game Reserve-ში ტრანსფერს მოიცავს, სადაც ისინი საფარის ტრადიციულ ავტომობილში გამოცდილ რეინჯერებთან და საველე გიდებთან გადასხდებიან.

საფარის დასრულების შემდეგ ტურისტებს აქუილიაში გასეირნების შესაძლებლობა ისევ ექნებათ, რის შემდეგაც მათ კეიპტაუნში დააბრუნებენ.

Uber-ის აპლიკაციით სერვისის დაჯავშნა 2 ოქტომბრიდან არის შესაძლებელი, ხოლო მისი გაფორმება ტურამდე 90 დღით ადრე უნდა მოხდეს. ჯავშანი გამგზავრებამდე 24 საათით ადრე დაიხურება.

Uber Safari იანვრის ბოლომდე, ყოველ პარასკევსა და შაბათს მუშაობს. მოგზაურობის ღირებულება 200 დოლარია და მასში, მაქსიმუმ, ოთხ სტუმარს შეუძლია მონაწილეობა.

Uber Safari-ს მგზავრობების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს ტურის წინასწარ დაჯავშნას ურჩევენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ