„ევოლუშენ ჯორჯიამ“ განათლებულ, საღად მოაზროვნე ახალგაზრდებს ცხოვრება დაუნგრია“ - თამარ ჯაფარიძე

არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ რადიო „პალტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია საქართველოში 7000-მდე ახალგაზრდას ასაქმებს, მაშინ, როცა შვედეთში მისი თანამშრომლების რიცხვი მხოლოდ 173-ია.

„ჩვენმა ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს. მათი პროტესტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ესენი არიან არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, განათლებულები, საღად მოაზროვნეები.

სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება „ევოლუშენ გეიმინგს“ საქართველოში, რომელიც 2017 წელს შემოვიდა ქვეყანაში და 2018 წლიდან დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. ეს არის შვედური კომპანია და უნდა ითქვას, რომ თუ ის საქართველოში 6823 ადამიანს ასაქმებს, საკუთარ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 173-ია. რამხელა სხვაობაა ჩვენსა და შვედეთს შორის. იმ დროს, როცა წლიურად ეს კომპანია საქართველოში გასცემს 1300 ლარს, ანაზღაურების სახით“, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ კადრები ინტელექტუალური შესაძლებლობების და გონებრივი უნარების მიხედვით ჰყავს შერჩეული და მან სწორედ რომ ძალიან პერსპექტიულ, განათლებულ ახალგაზრდებს, „ცხოვრება დაუნგრია“.

„ამ კომპანიაში არის 2 მიმართულება - ინტელექტუალური რესურსის მოზიდვის მენეჯმენტი და გონებრივი რესურსის მოზიდვის მენეჯმენტი. ესე იგი, ამ ადამიანებს, ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებიც ურთულეს სამსახურს ასრულებენ, თავიანთი დრო წაართვეს.

ამ ახალგაზრდებს ცხოვრება დაუნგრიეს და რომელი ხელისუფალი და რომელი ოპოზიციონერი მივიდა მათთან. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესის არსებობაზე, მის კაპიტალიზაციაზე და მის მიერ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვაზე“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.

ნათია ზარიძე