თხილის ფასი 30%-ით გაიზარდა - რა ღირს წელს პროდუქტი

„ფასი წელს შედარებით მაღალია. გაუტეხავი თხილის ღირებულება გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი,“ - ამის შესახებ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი კომპანიები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ ფასი თავად დაადგინონ, რადგან მისი განმსაზღვრელი თურქეთია. როგორც ლევან ქარდავა განმარტავს, სწორედ საექსპორტო ფასის მიხედვით დგინდება ადგილობრივი ღირებულებაც.

წელს კი, 1 კგ-ს თხილის ღირებულება, საშუალოდ, 2.5 ლარიდან 8 ლარამდეა.

“ფასი წელს შედარებით მაღალია. გაუტეხავი თხილის ღირებულება გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი.

ზოგადად, ადგილობრივი თხილის ფასი დგინდება საექსპორტო ფასის მიხედვით. სამწუხაროდ, საქართველო მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ დაადგინოს საკუთარი ფასი. ჩვენ გვიწევს, რომ ვნახოთ თურქული თხილის ფასი და იმის მიხედვით, მოვახდინოთ კალკულაცია. გასათვალისწინებელია გადამუშავების ხარჯები, მოგების მარჟა თუ სხვა ხარჯები, ეს უნდა გამოვაკლოთ და რაც დარჩება, ის გადავიხადოთ გაუტეხავ თხილში.

რაც შეეხება კონკრეტულ ღირებულებას, განსხვავდება ხარისხის მიხედვით, ამ ეტაპზე, ყველაზე ცუდი ხარისხის პროდუქტის ფასი იწყება 2.5 ლარიდან და ადის 6.5 ლარზე. მაგრამ თუ პრემიუმ ხარისხის თხილია, რომელსაც უკვე „ფერერო“ ყიდულობს, ფასი კიდევ უფრო მაღალია, 8 ლარსაც სცდება.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ზოგადად, მსოფლიოშიც თხილის ძირითადი მომხმარებელი არის ევროკავშირის ბაზარი, ამიტომ წელსაც ჩვენთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. თხილის უდიდესი ნაწილი გადის ევროკავშირში, მცირე ნაწილი გადის დსთ-ს ქვეყნებში (ძირითადად რუსეთში). ნელ-ნელა ახალი ბაზრებიც გამოჩნდა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ისრაელი, ასევე, ჩინეთი. ამ მიმართულებებით სულ უფრო იზრდება ექსპორტი. წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი გადის“,- ამბობს ლევან ქარდავა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე თურქული თხილის ადგილობრივი ფასი 4 დოლარამდეა, ხოლო საექსპორტო 7.6 დოლარამდე.

ნინი ქეთელაური