„ავტობუსები არ გაამართლებს, ხარჯი ძალიან დიდი იქნება.. „მარშრუტკებიც“ კი ცარიელები დავდივართ და ამხელა ავტობუსებს როგორ შეავსებენ?“ - ასე ეხმაურებიან დიდუბის ავტროსადგურში მძღოლები 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ დიდუბის ავტოსადგურში მომუშავე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, ახალი რეგულაცია მხოლოდ მგზავრებისთვის იქნება ხელსაყრელი. მათთვის კი დიდი პრობლემაა.
„48 წელია, რაც მძღოლად ვმუშაობ. ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთა ნაკადს ემსახურება, ყოველთვის ზარალზე იყო. მგზავრი თითქმის არ არის, ახლა ბათუმში მიდის ეს მანქანა, 500 კილომეტრი უნდა გაიაროს და მხოლოდ 4 მგზავრი ჰყავს. ეს მუშაობა და ცხოვრება არ არის. სეზონური მუშაობა გვაქვს,“ - ამბობს დავით კამლაძე.
„ალბათ „მარშრუტკის“ მძღოლებს საქართველოდან გაქცევა მოგვიწევს. ავტობუსის მძღოლად რომ გადავიდე, აზრი არ ექნება, ხალხი არ გვყავს. 20-კაციანი მანქანა მყავს და 10 მგზავრიც არ არის. ავტობუსზე მუშაობას რა აზრი ექნება?“ - ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.
მოსალოდნელ ცვლილებებს პოზიტიურად მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება. მათი აზრით, სამარშრუტო ტაქსები შესაცვლელია და ავტობუსების შემოყვანასაც მიესალმებიან.
„ვფიქრობ, რომ წინ უნდა წავიდეთ. „მარშრუტკებს“ ოდესმე მაინც შეცლიან. გადავალ ავტობუსზე და ვიმუშავებ, ცუდი რატომ იქნება?“ - ამბობს მძღოლი.
ავტორი: თიკო გურაშვილი