ისტორიული მაქსიმუმი, ფისტას იმპორტი 183%-ით გაიზარდა - სად და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

წელს, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაჭუჭგაუცლელი, ახალი ან ხმელი ფისტას იმპორტი 183%-ით გაიზარდა, რითაც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 8 თვეში ქვეყანაში 3 312 ტონა (17.529 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, რაც თითქმის, 3-ჯერ მეტია წინა წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე. 2023 წლის 8 თვეში ქვეყანამ 1 169 ტონა (2.114 მლნ აშშ დოლარი) ფისტა შეიძინა.

სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის მთავარი იმპორტიორი აშშ-ია, მას მოსდევს თურქეთი, ირანი და ბელგია.

კერძოდ:

  • აშშ - 2 394 ტონა (15.732 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 738.6 ტონა (1.343 მლნ აშშ დოლარი)
  • ირანი - 143 ტონა (128.7 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელგია - 19.9 ტონა (149.6 ათასი აშშ დოლარი)
  • ისრაელი - 12 ტონა (140.6 ათასი აშშ დოლარი)

ასევე, მცირე რაოდენობები შემოვიდა ესპანეთიდან და გერმანიიდან.

სტატისტიკის მიხედვით, წელს იმპორტირებული ფისტის ღირებულება 150%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წლის 8 თვის მდგომარეობით, 1 კგ პროდუქტის საშუალო ფასი 5 დოლარს აჭარბებდა, გასული წლის მონაცემებით კი, 2 დოლარამდე ღირდა.

საქსტატის თანახმად, მცირე რაოდენობით შემოდის ნაჭუჭგაცლილი ფისტაც, სადა იმპორტის 1030%-ანი ზრდა გვაქვს. კერძოდ, წელს იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 25.2 ტონა (334.2 ათასი აშშ დოლარი), პროდუქტი შეიძინა, ხოლო გასული წლის იგივე პერიოდში 2.2 ტონა (7.7 ათასი აშშ დოლარი).

შენიშვნა: ღირებულება დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე.

ნინი ქეთელაური