მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება.
ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ ისაუბრა, ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ, 10 წლის წინ დაიწყო.
„2019 წელს ჩვენ მიერ ჩატარდა ავტოსადგურების კვლევა, სადაც მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა ანონიმური მკვლევარების მიერ. მეორედ, როდესაც მსგავსი კვლევა ჩავატარეთ და მძღოლებმა იცოდნენ მკვლევარების არსებობის შესახებ, სამოძრაო წესების დაცვაში 75%-იანი სხვაობა მივიღეთ.
შევისწავლეთ მიკროავტობუსების მდგომარეობაც, რომელიც საგანგაშო იყო. ჩვენთან არის ე.წ. გადაკეთებული სატვირთო ავტობუსები, ხელოვნურად დამონტაჟებული სავარძლებით, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადვილად წყდება და შესაძლოა, ძალიან ცუდი ზარალი მიაყენოს ადამიანს, რადგან ქარხნულად დამონტაჟებული ადგილებიც კი ვერ უძლებს ავარიებს,“ - აცხადებს იზორია.
მისი თქმით, რეგულაციები, რომლებიც 2025 წლამდე უნდა გაგრძელდეს, გრძელვადიანი პროგრამაა და ის საკმაოდ ბევრ დეტალს მოიცავს.
„ეს რეგულაციები გულისხმობს ავტოსადგურების დიზაინის ცვლილებას, საქალაქთაშორისო მარშრუტების დაწესებას, 150 კმ-იანი რადიუსის მოძრაობას და ა.შ. რაც შეეხება არსებული ავტობუსების ავტოპარკს, მზად ჯერ ნამდვილად არ ვართ, რადგან სამარშრუტო ტაქსებთან ერთად მინივენებითაც ხდებოდა მგზავრთა გადაყვანა, შესაბამისად, ალბათ კომპანიებს, რომლებიც გადაზიდვებში ჩაერთვებიან, მოუწევთ მათი სრულად ჩანაცვლება.
კანონში წერია, რომ ეს ავტობუსები არ უნდა იყოს უსაფრთხოების სტანდარტ ევრო 4-ზე ნაკლები და არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ასაკის. ანუ უსაფრთხოების კუთხით გარკვეული წესებია ჩადებული, რომლის შესრულებაც აუცილებელი იქნება,“ - განაცხადა ირაკლი იზორიამ.