„შიში და მოლოდინი იმის, რომ მე აუცილებლად დამჩაგრავენ, თუ ვიღაცის მხარეს არ ვარ, აფიქრებს ადამიანებს ქვეყნიდან წასვლაზე“,- ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოდან ემიგრაციის მკვეთრი ზრდის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად ადამიანები საზღვარგარეთ საკუთარი თავისთვის და ოჯახებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად მიდიან და ეს მიზეზი გასაგებია. თუმცა, მთავარი ფაქტორი პოლიტიკური ვითარებაა.
„ადამიანები აფასებენ პოტენციურ შესაძლებლობებს, რისი გაკეთება შეუძლიათ იქ და რისი აქ. ერთი კატეგორია არის, რომელსაც აქვს რაიმე ნიჭი და თავის მეტად რეალიზების პერსპექტივას ხედავს სხვა ქვეყნებში. მეორე კატეგორია კი არის, რომელთაც შეიძლება არ აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ დასაქმებული არიან რომელიმე სფეროში და ხედავენ, რა ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეთ საზღვარგარეთ და რამდენად განსხვავდება ის აქაურ ანაზღაურებაზე.
შესაბამისად, თუ მათ თავისი თავის იმედი აქვთ, იღებენ წასვლის გადაწყვეტილებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ გამოწვევებთან გამკლავების და აბსოლუტურად გასაგებია მიზეზებიც. მათ სურთ მიიღონ უკეთესი ანაზღაურება და უკეთესი ცხოვრება შექმნან თავიანთი შვილებისთვის.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ევროპელები რომ მიდიოდნენ ამერიკაში თავისუფლების მოსაპოვებლად და ვინც წავიდა, მათ მართლა შექმნეს უკეთესი ქვეყანა, ვიდრე მაშინდელი ევროპა იყო და დღესაც უკეთესია ამერიკა.შესაბამისად, საქართველოდან წასული ადამიანების უმრავლესობის მიზანი სწორედ უკეთესი ცხოვრების შექმნაა. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც სოციალური დახმარების იმედად ან არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მიდიან, მაგრამ, ვფიქრობ, მათი რიცხვი მცირეა“,- აღნიშნა პაატა შეშელიძემ.
მისი განმარტებით, საქართველოდან ემიგრაციის მთავარი გამომწვევი ფაქტორი პოლიტიკური დაძაბულობა და მუდმივი შიშია, რომ ადამიანი თუ ხელისუფლებას არ დაემორჩილება, დაიჩაგრება.
ეკონომიკური ფაქტორი კი მეორეხარისხოვანია, რადგან ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოში ბევრ ქვეყანაზე მეტი შესაძლებლობებია.
„რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს ამას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მართლა არის ეკონომიკური თავისუფლება და ამას ვერ უარვყოფთ. ჩვენთან ბიზნესის დაწყების მეტი შესაძლებლობაა, რაც ადამიანმა უნდა გამოიყენოს. მაგალითად რეგულირების სიმარტივე, გადასახადების სიმარტივე და სხვა.თუ დააკვირდებით, ქვეყნიდან ძალიან იშვიათად მიდიან დიდი ბიზნესის დასაწყებად. ძირითადად, მიდიან დაქირავებით სამუშაოდ ან არიან სამეცნიერო საქმიანობით დაკავებული. მე არ მსმენია, რომ ვინმე საზღვარგარეთ წავიდა და დიდი ბიზნესი გააკეთა.
ამიტომ, პირველ რიგში, თუ გვინდა, რომ მოქალაქეები ქვეყანაში დარჩნენ, უნდა გავიგოთ, რომ არ შეიძლება ადამიანები მუდმივი შიშის და ერთმანეთთან დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობდნენ. როგორ შეიძლება, ხელისუფლებაში იყო და ნახევარი საქართველოს დაჭერა და განადგურება გინდოდეს, მე ეს არ მესმის. ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო, სამწუხაროდ.
არ შეიძლება ადამიანები მიზანში გყავდეს ამოღებული მხოლოდ იმიტომ, რომ სკამი შეინარჩუნო. შიში და მოლოდინი იმის, რომ მე აუცილებლად დამჩაგრავენ, თუ ვიღაცის მხარეს არ ვარ, ეს აფიქრებს ადამიანებს ქვეყნიდან წასვლაზე“,- აღნიშნა ეკონომისტმა.
მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად უსწორდებიან, ბუნებრივია, რომ ადამიანები თავის გადარჩენას საზღვარგარეთ წასვლით ცდილობენ.
„მე მაქვს ახალგაზრდებთან შეხება, ვასწავლი მათ და ვხედავ, რომ სულ ეძებენ გზას, რომ ქვეყნიდან გაიქცნენ. ისინი აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ ან მათი გადმოსახედიდან არ ჩანს. ვცდილობ ხოლმე, რომ აზრი შევაცვლევინო, თუმცა მათი გადასაწყვეტია.
ამას ემატება ის, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. პარალელურად კი ვხედავთ გაურკვეველ, გასაიდუმლოებულ, ბევრისთვის მიუღებელ, ურთიერთობას რუსეთთან. შესაბამისად, ახალგაზრდები მეტ პერსპექტივას ხედავენ საზღვარგარეთ. ევროპასა და ამერიკაშიც არის პრობლემები, მაგრამ ისინი სანამ მათ შეეხებათ, აქ კი უკვე ცხვირ-პირს ამტვრევენ, რა თქმა უნდა, ცდილობენ თავი გადაირჩინონ.
ამიტომ, ვფიქრობ მკვეთრად გაზრდილი ემიგრაციისთვის გადამწყვეტი ახალა პოლიტიკური ფაქტორია“,- განაცხადა პაატა შეშელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია. ამავე პერიოდში ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა. ემიგრანტების 66.7% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.
ამავდროულად, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლებში სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში მოსწავლის სტატუსი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების მიზეზით 5604 ბავშვს შეუწყდა. 2022 წელს მათი რიცხვი 5508, ხოლო 2021 წელს 2698 იყო.