ყოველწლიურად 200 სტუდენტი - რუსეთმა ქართველი აბიტურიენტების შერჩევის ახალი სეზონი გახსნა

რუსეთის სასწავლებლებში 2025-2026 წლის სეზონისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად ქართველი სტუდენტების მორიგი შერჩევა 7 ოქტომბრიდან დაიწყო.

ინფორმაცია რუსეთში სასწავლებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეების შერჩევის ოფიციალურ ვებგვერდ Education in Russia-ზე ვრცელდება.

სწავლის განაცხადების მიღება რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტის ფარგლებში განახლდა.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც ამ კვოტით სწავლა სურს, რეგისტრაცია სახელმწიფო საინფორმაციო სისტემაში უნდა გაიაროს, სახელწოდებით, „განათლება უცხოელებისთვის რუსეთის ფედერაციაში.“

შესაბამის სააპლიკაციო ფორმას, მისი შევსების შემდეგ, აბიტურიენტმა თან უნდა დაურთოს პასპორტისა და განათლების დოკუმენტის ასლები ფოტოსურათით.

შევსებული განაცხადის ფორმა აბიტურიენტმა სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე „ვერიფიკაციისთვის” უნდა ატვირთოს, ხოლო კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული კითხვებისთვის აპლიკანტმა საზღვარგარეთ “როსოტრუდნიჩესტვოს” ან რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უნდა მიმართოს. საქართველოს შემთხვევაში ეს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაა.

განყოფილებაში აცხადებენ, რომ „საქართველოში მყოფი აბიტურიენტები, ძირითადად, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებს ირჩევენ, თუმცა მოთხოვნა ასევე არის ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებზეც.“

სექციაში საქართველოდან აბიტურიენტების ტოპ-სპეციალობებს შორის ასახელებენ მედიცინას, ენათმეცნიერებას, IT-სპეციალობებს, სამართალს, ეკონომიკას, ინჟინერიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებსა და მშენებლობას.

რუსეთი თავის უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ქართველ სტუდენტს იზიდავს, რადგან, როგორც წესი, ყოველწლიური უფასო სამთავრობო კვოტაც, საშუალოდ, 200-კაციანია.

ცნობისთვის: აგვისტოს ბოლოს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებამ გაავრცელა ცნობა, რომ “წელს რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი ისწავლიდა” და რაკი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, მათ ურჩევდა, ვიზების გაფორმებაზე ეზრუნათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ