მომავალი წლიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება.
8 ოქტომბერს „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.
სიახლემ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და გააჩინა კითხვები, მაგალითად იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის გამოთავისუფლებულ სამარშრუტო ტაქსებსა და მათ მძღოლებს, როგორ მოხდება მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლება, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ავტობუსმა და ა.შ.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძესთან ინტერვიუს:
ბატონო ლევან, პირველ რიგში, რომ გვესაუბროთ იმის შესახებ, თუ რატომ გაჩნდა სადგურებისა და გადამყვანების რეგულირების აუცილებლობა და რა იცვლება ამ კუთხით?
- ავტოსადგურებში ამჟამად არის ქაოტური მდგომარეობა, მათ მოწესრიგებასა და კანონის ჩარჩოებში მოქცევას ემსახურება სადგურებისა და გადაყვანების შესახებ კანონი. დღეს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები უგულებელყოფილია, არანაირი კომფორტი არ არსებობს, ბილეთის აღება არ ხდება და არის ბევრი შავი ხვრელი. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ აღნიშნულის რეგულირება უნდა განხორციელებულიყო. კანონპროექტი გაიყო ორად, ერთი არის ავტოსადგურების რეფორმა და მეორე არის გადამზიდავების რეფორმა. დღეს ეს ორი მიმართულება ერთი სუბიექტის ქვეშ არიან, ეს ერთი სუბიექტი აღარ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოსადგური ცალკე სუბიექტი იქნება, გადამზიდავი კი ცალკე.
საუბარია იმის შესახებაც, რომ 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება უნდა განხორციელდეს; როგორ მოხდება ლიცენზირება?
- ავტოსადგურების სამი კლასი არსებობს: 1. დიდი ავტოსადგური, რომელიც ასრულებს საერთაშორისო რეისებს; 2. შედარებით მცირე სიმძლავრის სადგური, რომელსაც ასევე შეუძლია საერთაშორისო რეისების შესრულება; 3. პატარა ავტოსადგური, რომელიც დაბებში, სოფლებსა და სხვადასხვა ადგილებში უნდა გაკეთდეს. ავტოსადგურების ლიცენზირება ხდება შემდეგი პირობებით: უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ გამოუყოფს ისეთ ადგილს, რომელიც არ გაჭედავს ქალაქში მოძრაობას, შემდეგ ჩაატარებენ ექსპერტიზას, მომართავენ სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს და მიეცემა მათ სერტიფიკატი. სადგურებს უნდა ჰქონდეს მოწყობილი პატარა სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელემენტარულად წნევის საზომით და ა.შ, რათა მძღოლი რეისში გასვლამდე შეამოწმონ. მოწყობილი უნდა იყოს მოსაცდელი, სველი წერტილი და ა.შ. ამ ეტაპზე ავტოსადგურებს ელემენტარული პირობები მოვთხოვეთ.
2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კილომეტრით დაშორებულ მანძილზე საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა მხოლოდ ავტობუსებმა უნდა განახორციელოს. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ქალაქი, რატომ მოხდა მათი გამოყოფა?
- 1-ლი მარტიდან ნებართვა უნდა აიღოს ყველამ, ხოლო 1-ლი ივნისიდან უკვე 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ ქალაქებს შორის ივლის მხოლოდ ავტობუსი. კონკრეტული ქალაქები არის მითითებული კანონში, მათი გამოყოფა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალაქები არის ბირთვი და იქიდან ხდება გადანაწილება. მაგალითად, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში აეროპორტია, თელავში კი ახლა კეთდება. პირველ ეტაპზე აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება რეფორმა.
ავტობუსებით გადაადგილება არის ევროპული სტანდარტი და მიმართულია, პირველ რიგში, ადამიანების უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ავტობუსი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე „მარშრუტკა“. ავტობუსს ექნება დაყენებული სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობაც, რომელიც 150 კილომეტრის ზემოთ ვერ მიდის, ეს არის უსაფრთხო და კომფორტული როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის.
თუ განისაზღვრა კონკრეტული მოთხოვნები, რაც ავტობუსებმა უნდა დააკმაყოფილოს?
- ბიზნესს ვუთხარით, რომ ავტობუსი უნდა იყოს „ევრო 4“-ის სტანდარტის და მაქსიმუმ 20 წლამდე ასაკის. ჩვენ გავითვალისწინეთ დღევანდელი მდგომარეობა და არ შევზღუდეთ წლოვანება. თუმცა თუ ბიზნესი ახალს შემოიყვანს, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამას მიესალმება. მაგრამ აქ არის ბიზნესის საკითხი - თქვენ რომ დააყენებთ 19 წლის ავტობუსს სადგურში და გვერდით მოგიდგებათ ახალი შემოყვანილი ავტობუსი „ევრო 4“-ის ან „ევრო 5“-ის, რომელში ჩაჯდება მგზავრი? ბიზნესია ეს და არ ვერევით ამაში, ბიზნესს ვარეგულირებინებთ პროცესებს.
საინტერესოა, რა ბედი ელის გამოთავისუფლებულ სამარშრუტო ტაქსებს?
- ეს მიკროავტობუსები ზოგ შემთხვევაში გადაკეთდება სატვირთოდ ისე, როგორც მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ნორმებს, გადავლენ დაბებში. კერძოდ, „მარშრუტკები“, რომლებიც იქნება უსაფრთხო და ჩვენგან მიიღებენ ნებართვას, ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, გადანაწილდება რეგიონებში.
დაბოლოს, ე.წ „ხიშნიკებთან“ დაკავშირებით რა იგეგმება?
- ე.წ „ხიშნიკები“ აიკრძალება. ეს მოხდება საქალაქთაშორისო გადაყვანის რეფორმის პარალელურად. ყველა ეს ავტოტრანსპორტი უნდა შევიდეს ავტოსადგურში. ავტოსადგურის გარდა, საქალაქთაშორისო რეისი ვეღარ განხორციელდება. მათ უნდა მიიღონ ლიცენზია, ლიცენზიას ვერ მიიღებს ტრანსპორტი, თუ ვერ დააკმაყოფილებს პირობებს. ისეთი ტრანსპორტი, რომელიც იყო სატვირთო და გადაკეთდა სამგზავროდ, რომელსაც ჩამატებული აქვს სავარძლები, არ არის უსაფრთხო, არ აქვს ტექინსპექტირება გავლილი, ვერანაირად ვერ აიღებს ნებართვას რომ შევიდეს ავტოსადგურში; ის დარჩება ავტოსადგურის გარეთ, თუ ავტოსადგურის გარეთ დარჩება, ვერ იფუნქციონირებს იმიტომ, რომ მონიტორინგის სამსახური და პატრული მძიმე ჯარიმებს დაწერს.
იხილეთ ასევე: 2025 წლიდან მიკროავტობუსებით მგზავრთგადაყვანა იკრძალება - რა მიმართულებებს შეეხება ცვლილება