„ავტოსკოლებში სერიოზული ცვლილებები უნდა გატარდეს და დაწესდეს მოთხოვნები” - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ავტოსკოლებთან მიმართებაში არანაირი მოთხოვნა არ არის, ნებისმიერს შეუძლია სკოლის გახსნა და ფუნქციონირება. მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ავტოსკოლების ნაწილი „ხრიკების“ საშუალებით ასწავლის მოქალაქეებს მართვის მოწმობის საკითხებს, რასაც არსებული სისტემაც უწყობს ხელს.
„ჩვენ თუ რეალურად გვინდა, რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი ავამაღლოთ, შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, ეს, პირველ რიგში, უკავშირდება განათლებას და იმას, რომ მართვის მოწმობას იღებდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა. დღეს ისევ ხდება, რომ ე.წ. კოდირების და ხრიკების გზით ასწავლიან მოქალაქეებს, ეს არის პრობლემა.
თუ გვინდა, რომ ჩვენი მართვის მოწმობა აღიაროს მსოფლიომ, საჭიროა რეფორმის გატარება. რეფორმად ვერ ჩაითვლება მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში გატანა. რეფორმად ჩაითვლება ის, როცა ავტოსკოლებში გატარდება სერიოზული ცვლილებები და დაწესდება მოთხოვნები. დღეს არანაირი მოთხოვნა არ არის ავტოსკოლებისთვის: ნებისმიერ შეუძლია გახსნას, ინსტრუქტორებს არ აქვთ კვალიფიკაცია, ავტოსკოლები არ არიან აღჭურვილი შესაბამისად და სხვა“, - აღნიშნა მან.
მესხიშვილმა ისაუბრა მართვის მოწმობის რეალურ სივრცეში გადატანაზეც და აღნიშნა, რომ შედეგად გამოცდაში ბევრი ადამიანი ჩაიჭრა, მაგრამ მიზანი ჩაჭრა არ უნდა იყოს.
„მართვის მოწმობის გაცემა რეალურად გართულდა, უფრო მეტი ადამიანი ჩაიჭრა პრაქტიკულ გამოცდაზე, მაგრამ მიზანი ჩაჭრა არ უნდა იყოს, მიზანი უნდა იყოს ის, რომ მართის მოწმობა მოხვდეს მცოდნე ადამიანის ხელში. არსებული სისტემა ხელს უწყობს, რომ ავტოსკოლებმა ხრიკებით მოამზადონ ადამიანი და ისე მიაღებინონ მართვის მოწმობა“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში რეგისტრირებულია 1 840 604 ავტოტრანსპორტი და 1 649 153 მართვის მოწმობა.