ბათუმის შემოვლითი 14-კმ-იანი გზა დღეს გაიხსნა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.
„ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას სახელმწიფოც უწყობს ხელს და ამას მოწმობს გზა, რომელიც დღეს გაიხსნა. გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის.
მომავალ წელს ვიწყებთ თბილისი-სარფის გზის მშენებლობას და ასევე დაიწყება ქობულეთის დამატებით 2-ზოლიანი გზის მშენებლობაც. მომავალ წელს ბათუმიდან თბილსამდე მგზავრობას 3 საათი დასჭირდება,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი აშენდა.
ახალი შემოვლითი გზა გადის შემდეგ სოფლებზე - მახინჯაურზე, განთიადზე, კაპრეშუმზე, სალიბაურზე, ფერიაზე, მახვილაურსა და ხელვაჩაურზე.
როგორც ცნობილია, ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. ბათუმის შემოვლითი გზა კი (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის 329 630 734 ლარის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.