„რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც თხილის იგივე მოსავალი გვაქვს, რაც წინა წელს, გაუმჯობესება პრაქტიკულად, არ შეინიშნება“, - ამის შესახებ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა თხილის ხარისხია, რაც ართულებს კომპანიებს მუშაობას. გარდა ამისა, როგორც ლევან ქარდავა აღნიშნავს, თხილის ქარხნებისთვის პრობლემაა საბრუნავი საშუალებების ხელმისაწვდომობა, თუმცა, მთავარი საკითხი მაინც პროდუქტის დაბალი ხარისხია.
„ჩვენთვის სეზონი გრძელდება მანამდე, სანამ თხილი არ ამოიწურება. კომპანიები თხილის შესყიდვას ვახორციელებთ პრაქტიკულად აპრილის ჩათვლით, თუ რა თქმა უნდა, არის ადგილობრივ ბაზარზე.
რაც შეეხება მოსავალს, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც თხილის იგივე მოსავალი გვაქვს, რაც წინა წელს, გაუმჯობესება პრაქტიკულად არ შეინიშნება. ხარისხი იგივეა, რაოდენობა თუ მომატებულია, ალბათ, მაქსიმუმ 10%-ით. თუმცა, საბოლოოდ მოსავალი რამდენი იყო, ამის თქმას შევძლებთ სრულად ექსპორტზე გატანის შემდეგ, ანუ გაზაფხულზე“,- ამბობს ლევან ქარდავა.
მისი თქმით, წელს საქართველოსთვის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ტრადიციულად, ევროკავშირი და დსთ-ს ქვეყნებია, თუმცა ახალი მიმართულებებიც გამოჩნდა.
„რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ზოგადად, მსოფლიოშიც თხილის ძირითადი მომხმარებელი არის ევროკავშირის ბაზარი, ამიტომ წელსაც ჩვენთვის განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. თხილის უდიდესი ნაწილი გადის ევროკავშირში, მცირე ნაწილი გადის დსთ-ს ქვეყნებში (ძირითადად რუსეთში). ნელ-ნელა ახალი ბაზრებიც გამოჩნდა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ისრაელი, ასევე, ჩინეთი. ამ მიმართულებებით სულ უფრო იზრდება ექსპორტი. წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი გადის“, - ამბობს ლევან ქარდავა.
ცნობისთვის, გასულ წელს თხილის მოსავალი 55 ათას ტონამდე იყო.