რა გავლენა ექნება არჩევნებს ლარის კურსზე

„ნეგატიური მოლოდინები მოქმედებს კურსზე, იმიტომ, რომ ქმნის გაურკვევლობას. ამან შეიძლება წარმოქმნას დაწოლა ლარზე“,- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, საინფორმაციო ველს შეუძლია გავლენა მოახდინოს მოლოდინებზე, კერძოდ, გააჩინოს ნეგატიურ განწყობები, შედეგად, ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ ლარში ანაბრების დოლარში გადაყვანაც კი, თუმცა, ეკონომისტი ამბობს, რომ მსგავსი აჟიოტაჟების ჩასახშობად ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს.

„ნეგატიური მოლოდინები მოქმედებს კურსზე, იმიტომ, რომ ქმნის გაურკვევლობას. ამან შეიძლება წარმოქმნას დაწოლა ლარზე. არჩევნებამდე დარჩენილია ორ კვირაზე ცოტა მეტი და თუ ჩვენ შევხედავთ, როგორია საინფორმაციო ველი წინასაარჩევნოდ, არ არის ზედმეტად დაძაბული. თუმცა, ის ინფორმაციები, რომელიც გადის, მე ვგულისხმობ, ოპოზიციის მხრიდან ისეთი ინფორმაციების მასობრივ ტირაჟირებას, რომელიც დაკავშირებულია მომავალ არჩევნებთან, რომ ოპოზიცია წინასწარ არის გამარჯვებული... ეს ცოტა ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს, რადგან წარმოქმნის გარკვეულ ე.წ რევოლუციურ ფაქტორს. იგივე სხვადასხვა უცხოელი აქტორების განცხადებები არჩევნებზე, ვგულისხმობ ელჩების განცხადებების ნაწილს (მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადებების ნაწილს), რომელიც ბუნებრივია ძაბავს სიტუაციას, ამიტომ, სასურველია, ასეთი განცხადებები ნაკლები იყოს. რაც უფრო სიმშვიდე იქნება, უკეთესია.

ეს მოლოდინი (ნეგატიური) არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ მოქალაქეებისთვის ქმნის გარკვეულ ნეგატიურ განწყობებს და ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ ლარში ანაბრების დოლარში გადაყვანა, ან ბიზნესმა შეიძლება იგივე გააკეთოს, ლარის ანგარიშები გადაიყვანოს სავალუტო ანგარიშზე. ეს ბუნებრივია, ზეგავლენას მოახდენს ლარის კურსზე. თუმცა, აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა რესურსი, რომ ამ ტიპის აჟიოტაჟები ჩააცხროს. აჟიოტაჟებში ვგულისხმობ, სხვადასხვა მსხვილი ტრანზაქციების ზეგავლენას სავალუტო კურსზე. ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა 60 მილიონი და ჩვენ ვნახეთ, რომ 48 მლნ-ზე მეტი ბაზარმა არ გაიწოვა. ესეც ნიშნავს, რომ ზედმეტი უარყოფითი ფონი ჯერ არ არის. რა თქმა უნდა, არის არასასურველი განწყობის ნაწილი, მაგრამ ეს არ არის აჟიოტაჟში ასული.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, რომ ბაზარზე არსებული აჟიოტაჟი ჩააცხროს, მას შეუძლია განახორციელოს ინტერვენციები, ეს მისი მოვალეობაცაა, ორგანული კანონით, ის პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე, ინფლაციაზე. ბუნებრივია, თუ კურსი რყევას დაიწყებს, ეს გავლენას მოახდენს ფასებზეც“,- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ნინი ქეთელაური