„ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი. ზუსტად რაც სურს მოსკოვს, ისეთი რამ გაკეთეს, საქართველო დაბლოკეს“, - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ დასავლეთისგან საქართველოს იზოლაცია მოხდება, ეს ფაქტობრივად, ქვეყანაში რუსული ჯარის შემოყვანას ნიშნავს, საქართველოს კი პირიქით, ევროკავშირში ინტეგრაცია სჭირდება.
„ზუსტად ეს უნდა ჩვენს ხელისუფლებასაც. რა მნიშვნელობა აქვს, აქაური მთავრობა როგორი იქნება. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება დამოკიდებულება და ღიაობა. საქართველოს არ დაურღვევია არც ერთი ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთან აქვს დადებული.
ჩვენ თუ დაგვსჯიან და ჩაგვკეტავენ, ფაქტობრივად, რუსის ჯარს შემოიყვანენ აქ. საერთოდ გაუგებარია, ვინ მუშაობს ევროპარლამენტარებთან ოპოზიციიდან. საერთოდ უკუღმა ხედავენ პროცესებს.
მათ რომ ეთქვათ, მიგიღებთ კავშირში და კონკრეტული პირობების შესრულება მოეთხოვათ, ჩვენ კი არ შეგვესრულებინა, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ არ გვიღებენ და ეს რეზოლუცია გაუგებარია რას ემსახურება.
საერთოდ ვერ ვხვდები, რას აკეთებენ. ევროკავშირის ხედვა საქართველოსთან დაკავშირებით ბუნდოვანია. რისთვის გვსჯიან?! საქართველოს ჭირდება ინტეგრაცია და არა იზოლაცია“,- აღნიშნა პაატა შეშელიძე.
ინფორმაციისთვის, 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს.