რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანისტმა ირაკლი მურღულიამ თბილისში ახალი საცხოვრებელი კორპუსების ისტორიულ უბნებში ან ავარიული სახლების ადგილას მშენებლობის მოდელზე გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დეველოპერებს თავისუფალ ზონებში მშენებლობა ბევრად უმარტივდებათ, მოგებას კი ამ დროს აშენებული ბინების რაოდენობით იღებენ. თუ მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ და ისტორიულ უბნებში მოუწევთ საქმიანობა, ეს უძრავი ქონების ფასს გაზრდის.
„თბილისში გარდა ე.წ. ხრუშჩოვკებისა და ექსპლუატაციის ვადა გასული შენობებისა, გვაქვს ისტორიული ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ფრთხილად მისადგომია. ამ ორ უბანზე იშვიათად შედის დეველოპერი, რადგან მისთვის ძალიან ძნელია ბევრ ადამიანთან საუბარი. მით უმეტეს ისტორიული ნაწილის შემთხვევაში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უწევთ ურთიერთობა და საკმაოდ რთულია დეველოპერის ინტერესების ბოლომდე გატანა.
ამიტომ, რა თქმა უნდა, დეველოპერს ურჩევნია სადღაც მინდორში ან ყოფილი საავადმყოფოს ადგილას ააშენოს კორპუსი და თან ის მიწა სახელმწიფოსგან იყიდოს, ვიდრე ისტორიულ უბანში. იცის რა უჯდება მიწა, რა უჯდება მშენებლობა და რამდენი ექნება მოგება. ეს მისთვის ბევრად მარტივია.
მაგრამ, თუ დეველოპერებს არ მისცემენ ამ თავისუფალ სივრცეებზე მშენებლობის უფლებას, მათ მოუწევთ შევიდნენ ისტორიულ უბნებში, სადაც მოგება არა რაოდენობის ხარჯზე, არამედ უფრო ძვირადღირებული ქონების შექმნით უნდა მიიღონ. ანუ ხარისხმა უნდა მოუტანოს მათ მოგება და არა ბინების რაოდენობამ. თუ აღარ იქნება ბაზარზე თავისუფალ სივრცეებში აშენებული, შედარებით იაფი კორპუსები, ეს გაზრდის უძრავი ქონების ფასს, რაც ცუდი არ არის. ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ. ასე არის ევროპა და ასე არის ამერიკა. ყველგან, სადაც არის კარგი ქალაქი და კარგი დასახლება, იქ უძრავი ქონება ძვირია“, - აღნიშნა ირაკლი მურღულიამ.