„ფასი ავტოტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა უნდა იყოს - ტექინსპექტირების ცენტრებს საფასურის გაზრდა სურთ“

„ინსპექტირების საფასური არსებულ გამოწვევებს აღარ შეესაბამება - გადასახედია“, - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამომავლოდ სწორი იქნება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების საფასური კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად, მისაბმელიანისთვის, ავტობუსებისა და ა.შ. იქნება სხვადასხვა.

„ინსპექტირების საფასური, იცით, რომ ჩვენთან არის 60 და 100 ლარი. ნაკლებად მოიძებნება საერთაშორისო პრაქტიკაში ასე ორად დაყოფა, რადგან საჭირო სამუშაოს ტიპი, მოცულობა და ა.შ არის განსხვავებული და მისაბმელიანს, ავტობუსსა და სხვას განსხვავებული შემოწმება სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირებაზე კატეგორიების მიხედვით საფასურის დადგენა იქნება სწორი,“ - აღნიშნავს მესხიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებს მომსახურების საფასურის გაზრდა სურთ, იქიდან გამომდინარე, რომ გაძვირებულია ავტოსფეროსთან დაკავშირებული ყველა სერვისი.

„ტექინსპექტირების ცენტრებს სურთ საფასურის გაზრდა, იმიტომ რომ ავტომობილებთან დაკავშირებული ყველა სერვისი გაძვირდა, თუნდაც ავტოსერვისი, ნაწილები და ა.შ. მიმდინარეობს განხილვა, ამ ეტაპისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს. სფეროს ექსპერტების განცხადებით, ბოლო 5 წელია საფასურის გადახედვა არ მომხდარა, რა პირობებშიც ცენტრებს არსებობა გაუჭირდებათ.

იხილეთ ასევე: „ტექინსპექტირების ფასის ზრდა დღის წესრიგშია - ინსპექტორის ანაზღაურება 2000 ლარია, მაგრამ ესეც არაა საკმარისი“

მერი ტაბატაძე