საქართველოში ფრანგული ღვინის იმპორტი გაიზარდა - როგორია საშუალო ფასი

„ბიზნესპრესნიუსი“ სექტემბერში წერდა, რომ საფრანგეთის მთავრობამ ბორდოში 30 ათასი ჰექტარი ვენახის გასაჩეხად 120 მილიონი ევროს ღირებულების გეგმა წარადგინა. ვენახების გაჩეხის მიზეზი ღვინის მოხმარების შემცირებაა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ღვინოს ყიდულობს საქართველო საფრანგეთისგან და რა რაოდენობის ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება საფრანგეთში.

საქართველოში საფრანგეთიდან ღვინის იმპორტი მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 29%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საფრანგეთიდან საქართველოში შემოვიდა 1.226 მილიონი დოლარის ღირებულების 64 ტონა ღვინო, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 1.581 მილიონი დოლარის 77 ტონა ფრანგული ღვინო.

მონაცემების თანახმად, გასულ წელს 1 ლიტრი ფრანგული ღვინის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 19 დოლარი იყო, წელს კი 20 დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს საფრანგეთში, 2023 წლის 8 თვეში ექსპორტირებულია 460 ათასი დოლარის 71 ტონა ქართული ღვინო, ხოლო წელს იმავე პერიოდში 406 აღასი დოლარის 62 ტონა.

მონაცემები აჩვენებს, რომ როგორც წელს, ასევე გასულ წელს საფრანგეთში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 6.5 დოლარი იყო.

მერი ტაბატაძე