„ე.წ „ხიშნიკები“ აიკრძალება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმის პარალელურად განხორციელდება. კერძოდ, საუბარია რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა 150 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ქალაქებში მხოლოდ ავტობუსებმა უნდა განახორციელონ.
„ე.წ „ხიშნიკები“ აიკრძალება. ეს მოხდება საქალაქთაშორისო გადაყვანის რეფორმის პარალელურად. ყველა ეს ავტოტრანსპორტი უნდა შევიდეს ავტოსადგურში. ავტოსადგურის გარდა, საქალაქთაშორისო რეისი ვეღარ განხორციელდება. მათ უნდა მიიღონ ლიცენზია, ლიცენზიას ვერ მიიღებს ტრანსპორტი, თუ ვერ დააკმაყოფილებს პირობებს. ისეთი ტრანსპორტი, რომელიც იყო სატვირთო და გადაკეთდა სამგზავროდ, რომელსაც ჩამატებული აქვს სავარძლები, არ არის უსაფრთხო, არ აქვს ტექინსპექტირება გავლილი, ვერანაირად ვერ აიღებს ნებართვას რომ შევიდეს ავტოსადგურში; ის დარჩება ავტოსადგურის გარეთ, თუ ავტოსადგურის გარეთ დარჩება, ვერ იფუნქციონირებს იმიტომ, რომ მონიტორინგის სამსახური და პატრული მძიმე ჯარიმებს დაწერს“, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.