ამსტერდამი შეშის ბუხრების აკრძალვის გზებს განიხილავს, რომ მოქალაქეები მავნე კვამლისგან დაიცვან.
მერიის ინფორმაციით, ამსტერდამის ჰაერში ჭვარტლის 20% ხის დაწვაზე მოდის, რაც შეშის ბუხრებს სამრეწველო ქარხნების შემდეგ დაბინძურების სიდიდით მეორე წყაროდ აქცევს.
ნიდერლანდებში, მათ შორის, ამსტერდამში, დაახლოებით, მილიონი მოქმედი ბუხარია, ხოლო ამსტერდამის მცხოვრებთა 40%-ზე მეტი ბუხარს წელიწადში ერთხელ მაინც ანთებს.
ამსტერდამის მერიის ინფორმაციით, შეშის დაწვა ორ საათში იმდენ მავნე ნაწილაკს გამოყოფს, რამდენსაც ავტომობილი, რომელიც ნიდერლანდების დედაქალაქიდან მილანში ჩადის. ამ ნაწილაკებმა შესაძლოა, ფილტვების ჯანმრთელობა შეარყიოს და ისეთი დაავადება გამოიწვიოს, როგორიც ასთმაა.
ამჟამად მერია მოსახლეობასთან დისკუსიას მართავს, რომლის დროსაც სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ეს არის ფილტრების დაყენება, რომლებსაც კვამლის 80%-მდე ნაწილაკის შეჩერება შეუძლია, ასევე, სუბსიდიების გაცემა ბუხრების დემონტაჟისთვის, 2027 წლიდან ახალი ბუხრების მოწყობის აკრძალვა, მათი დანთების დაშვება მხოლოდ იმ დღეებში, როცა კვამლი ადვილად იფანტება და, უბრალოდ, ბუხრების სრული აკრძალვა.
ცნობისთვის: ძველი მოდელის შეშის ღუმელებისა და ბუხრების აკრძალვას, ასევე, დანიის ქალაქებში, კოპენჰაგენსა და ორჰუსში აპირებენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ