რუსეთმა, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც ქერჩის ხიდის აფეთქებაში ადანაშაულებენ, სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ბრალდებულების საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა საქართველოს მოქალაქე ინასარიძე ა.-სთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა), სისხლის სამართლის საქმის 222.1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) და სისხლის სამართლის კოდექსის 226.1 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ)“, - აღნიშნულია საქმის მასალებში.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქე, სერგეი ანდრეიჩენკო ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა) და 222.1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით).

„ინასარიძე და ანდრეიჩენკო გამოცხადდნენ სახელმწიფოთაშორისი ძებნაში“, - აღნიშნული საქმის მასალებში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი, ჩამოინგრა ყირიმისკენ მიმავალი ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი ზოლი.