ტექინსპექტირების ცენტრებს კვალიფიციური კადრების შენარჩუნება უჭირთ - მესხიშვილი

„ტექინსპექტირების ცენტრებს კვალიფიციური კადრების შენარჩუნება უჭირთ“ - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კადრების შენარჩუნებისთვის მთავარი გამოწვევა სახელფასო ფონდია, რისი გაზრდაც არსებული რესურსებით რთულია.

„ტექინსპექტირების წინაშე მწვავე პრობლემად დგას კვალიფიციური ინსპექტორების შენარჩუნება. ეს პირდაპირ დაკავშირებულია სახელფასო ფონდთან. იმ საფასურით, რაც დღეს ინსპექტირებაზეა დაწესებული, ცენტრებს უჭირთ კვალიფიციური კადრების შენარჩუნება.

ასევე, რეფორმის დაწყებიდან გავიდა 5 წელი და ტექნიკურ აღჭურვასაც სჭირდება განახლება, შენარჩუნება და ესეც დაკავშირებული ხარჯებთან. ბიზნესის დიდი ნაწილი 5 წლის წინ ჩაერთო საქმიანობაში სესხებითა და სხვა რესურსებით. მაშინ ლარის კურსიც სხვა იყო, ახლა სხვა არის და პრობლემის წინაშე დადგნენ ცენტრები.

ტექინსპექტირების ცენტრებს სურთ საფასურის გაზრდა, იმიტომ, რომ ავტომობილებთან დაკავშირებული ყველა სერვისი გაძვირდა, თუნდაც ავტოსერვისი, ნაწილები და ა.შ. მიმდინარეობს განხილვა, თუმცა ამ ეტაპისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა“, - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

მერი ტაბატაძე