კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაკარგული ბარგი 5.5 ლარად იყიდება.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან და მოქალაქეებს მოუწოდებს არ გადავიდნენ ბმულზე, არ ჩამოტვირთონ ფაილები და იყვნენ ფრთხილად.
„ფრთხილად, მარტივი თაღლითობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი წამოეგება.
ნუ გადახვალთ ბმულზე, ნუ გაუშვებთ ვიდეორგოლს, ნუ ჩამოტვირთავთ ფაილს და ნუ გააზიარებთ, იმის იმედიც ნუ გექნებათ, რომ 5.5 ლარად ვინმე „მაკბუკს“ ან „შანელს“ მოგყიდით. თანაც, „მაკბუკს“, „სმარტ“ საათს კოდი აქვს და მიაგნებს პატრონი.
თუ კომენტარებს შეხედავთ, ჩანს, რომ ნათარგმნია მანქანურად. მაგალითად, მიმართვა „ბიჭებო“ ინგლისურენოვანი „გაიზ“ გადმოტანაა და ქართველები ასე არ საუბრობენ“, - წერს ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ინფორმაციას გასულ თვეში კომპანია „ტავ ჯორჯია“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს აეროპორტი დაკარგულ ნივთებს ყიდის, სიცრუეა.