ვიზიტორთა უმრავლესობა - 63.1%,  საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით შემოვიდა

2024 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 2.5%-ით გაიზარდა და 2.4 მლნ მოგზაური შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 8.3%-იანმა ზრდამ განაპირობა (79.3% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 15.2%-ით შემცირდა.

„ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი (+18.9% წ/წ) შეადგინა. 2024 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (18.5% წილი) და სომხეთიდან (14.6% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (63.1%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (36.0%-იანი წილი).

ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები 4 მლნ იყო, რაც მცირედით აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს. ერთდღიანმა ვიზიტებმა კი მიმდინარე წლის 9 თვეში პანდემიამდელი დონის მხოლოდ 52.8% შეადგინა.

შედეგად, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს (+11.3% წ/წ) გაუტოლდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.

თაია არდოტელი