ნესვის თესლის მოშენების მცირე ებრაული კომპანია, Superfruiter საკვები კანის მქონე ნესვის ჯიშის გამოყვანაზე მუშაობს, რომელიც მხოლოდ 150-დან 300 გრამამდე იწონის და ვაშლივით იჭმება.
ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.
ეს ახალი განვითარება ესპანეთში უკვე მოჰყავთ და „ნესვის რევოლუციის“ ნაწილია, რომელსაც კომპანია პატარა ნესვებზე მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ ბოლო წლებში ავითარებს.
კერძოდ, უკვე არსებობს მეტად ტკბილი, 30 დღეზე მეტი შენახვის ვადისა და ხრაშუნა ტექსტურის მქონე ორი კომერციული ჯიში, ხოლო მომავალ სეზონზე ამ ორი ჯიშის საფუძველზე კომპანია კიდევ ხუთ სახეობას წარადგენს.
Superfruiter-ის აღმასრულებელ დირექტორ იაელ ალტერის შეფასებით, “ნესვ-ჩერის, როგორც მას კომპანიაში უწოდებენ, ხილის ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს, ისევე, როგორც პომიდორ-ჩერიმ პომიდვრებში მოახდინა.“
იმის გამო, რომ Superfruiter-ის ნესვი პატარაა, თითო მცენარეზე ხილის 3-4 ნაყოფის მოყვანა არის შესაძლებელი, მაშინ, როცა ნესვის სტანდარტულ მცენარეს 1-4 ნაყოფი აქვს. ნესვი-ჩერის საუკეთესოდ მოყვანა ვერტიკალურად, დაცულ პირობებში არის შესაძლებელი, რაც მოსავლის აღებას აადვილებს, ხილის წარმოებას მაქსიმალურად ზრდის და მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.
მწარმოებლები Superfruit-ის ნესვით სწორედ მაღალი მოსავლიანობის გამო ინტერესდებიან, რაც 1000 კვ. მ-ზე 6 ტონას შეადგენს, მაშინ, როცა ანალოგიური სტანდარტული ჯიშის მოცულობა იმავე ფართობზე 4 ტონაა.
Superfruiter-ის ნესვ-ჩერი ამჟამად ისრაელში, ესპანეთში, ტაილანდში, ბრაზილიასა და იტალიაში ითესება. ზოგადად, მისი მოყვანა შესაძლებელია ყველგან, სადაც სტანდარტული ნესვი მოდის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ