რუსულმა ელექტრომატარებელმა “ლასტოჩკამ” სოხუმში სატესტო მგზავრობების სერია დაასრულა და სოჭიდან აფხაზეთის მთავარ ქალაქში რეგულარულ რეისებს 2025 წლიდან დაიწყებს.
ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის რკინიგზის მთავარმა ინჟინერმა, ლეონიდ ყურუამ განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.
„ლასტოჩკა“ აფხაზეთში 2023 წლის ივნისიდან დადის, თუმცა მხოლოდ გაგრამდე მოძრაობს. ამ პერიოდის განმავლობაში მატარებელმა 70 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
ახალი მარშრუტი სოჭიდან სოხუმამდე მგზავრობის დროს ორ საათამდე შეამცირებს, რაც, ყურუას თქმით, განსაკუთრებით, საკურორტო სეზონზე მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება.
ელექტრომატარებელი ერთ რეისზე, დაახლოებით, 400 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გეგმის მიხედვით, “ლასტოჩკა” დიდ სადგურებზე, განთიადში, გაგრაში, გუდაუთაში, ათონსა და სოხუმში გაჩერდება.
მეორე მარშრუტზე, კერძოდ, ტუაფსე-სოჭი-გაგრის ტურისტულმა მატარებელმა ზაფხულის სეზონი 7 ოქტომბერს დაასრულა. მასზე წლევანდელ ზაფხულს მგზავრების რაოდენობა, შარშანდელ სეზონთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა და რეკორდულ, თითქმის, 55 ათას ადამიანს მიაღწია.
რუსეთის რკინიგზის მონაცემებით, მგზავრებმა აფხაზეთში, თითქმის, 5 ათასი ექსკურსია დაჯავშნეს, საიდანაც ყველაზე პოპულარული რიწის ტბის ტური იყო.
სოჭის ტურისტული მატარებლის ინტერიერი 1970-1980-იანი წლების დიზაინითა და შესაბამისი სუვენირებით არის მოწყობილი. მატარებელი რეისებს საახალწლო არდადეგებზე განაახლებს, კერძოდ, 31 დეკემბერს კრასნოდარის მხარის სამთო-სათხილამურო კურორტ როზა-ხუტორამდე, ხოლო 2-დან 7 იანვრამდე ტრადიციული რეისით გავა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ