„9 თვეში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 315 ფაქტი გამოვლინდა - დარღვევების 79%  კერძო სექტორზე მოდის“

მიმდინარე წლის, იანვარ-სექტემბერში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე 1 436 განცხადება/შეტყობინება გაკეთდა. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აქედან 1 301 (91%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 103 (7%) - საჯარო უწყებებში, ხოლო 32 (2%) - სამართალდამცავ ორგანოებში.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამსახურმა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 189 ფაქტზე ჩაატარა, მათგან 32% (60) გეგმურად, ხოლო 68% (129) - არაგეგმურად.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 340 ფაქტი, საიდანაც 25 ფაქტი 2023 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდშია დასრულებული, ხოლო 315 ფაქტი - საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე.

ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილი დარღვევების 79% (270) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 20% (67) - საჯარო სექტორში, ხოლო 1% (3) - სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას.

ამასთან, სამსახურის განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გაიცა 311 შემთხვევაში.

„სახდელის სახით დაკისრებული 7 ჯარიმა მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს), ხოლო 208 ჯარიმა - საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). დაკისრებული 96 გაფრთხილებიდან, 11 მიემართებოდა 2023 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 85 - საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს),“- აღნიშნულია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური