ლევან დავითაშვილი - სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო პენსიების მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს

თუ ქვეყანაში გვექნება სტაბილურობა, მშვიდობა და ისეთი არჩევანი, რომელიც სტაბილურობას და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა იქნება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მათ შორის, პენსიები გავზარდოთ. მეტიც, ამბიციურადაც გავზარდოთ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ის იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, თერჯოლასა და ზესტაფონში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სოციალურ თემებსა და ამ კუთხით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების გეგმებს შეეხო.

დავითაშვილის განმარტებით, ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია, პენსიების ზრდის საკითხი დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ შესაძლებლობასთან, რომელიც ქვეყანას ექნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ამ პირობების, გარემოებების და შესაბამისად, კონკრეტული გათვლების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი წინასაარჩევნო დაპირება, მათ შორის პენსიების 1000-ლარამდე გაზრდის შესახებ, ზედაპირული და საფუძველს მოკლებულია.

„სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება იქნება ეს, თუ კონკრეტული გეგმა, საფუძველს მოკლებულია და არანაირი გათვლით, არანაირი გეგმით არ არის გამყარებული, მათ უკან არ დგას რაიმე კონკრეტული პროგრამა. ეს არ არის ნამუშევარზე დაფუძნებით, არამედ სამწუხაროდ, ზედაპირული დაპირებებია. ხოლო ჩვენს შემთხვევაში, თითოეული რიცხვი, რომელიც წარმოდგენილია საარჩევნო პროგრამაში, ძალიან კონკრეტული გეგმის შედეგია და მასზეა დაფუძნებული. ამიტომ, ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ძალიან რეალისტურ გეგმას, რომელიც ამავე დროს ამბიციურია, მაგრამ შესრულებადი - იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო იქნება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.