რუსეთი საქართველოსგან ელექტროენერგიის იმპორტს ითხოვს - როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

რუსეთში ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის ერთადერთი ოპერატორი, Inter RAO ავარიის პერიოდში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ კომპანიის გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ორი ქვეყნისგან, აზერბაიჯანისგან და საქართველოსგან ვითხოვეთ, ავარიული რეჟიმის დროს თითოეულმა 300 მეგავატი ელექტროენერგია მოგვაწოდოს. თუმცა მათ ჩვენთვის ჯერ არ უპასუხიათ,“ - აცხადებს პანინა.

ივლისის შუა რიცხვებში, როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ სამხრეთ რუსეთში, დაახლოებით, 2,5 მლნ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ავარიის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი მთელ რიგ რეგიონებში, მათ შორის, კრასნოდარში, დონის როსტოვში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ანექსირებულ ყირიმში დაწესდა.

როსტოვის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი სადგურია ქვეყნის სამხრეთში, რომლის სიმძლავრეც 4 გიგავატია. ის გამომუშავებით რუსეთში პირველ სამეულშია და ელექტროენერგიით სამხრეთ ოლქებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ 26 მილიონზე მეტ ადამიანს ამარაგებს.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში ავარიის მიზეზად „ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურით გამოწვეულ მაღალ სეზონური მოხმარებას“ ასახელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, სიცხისგან თავის დასაღწევად მოსახლეობა კონდიციონერებსა და ვენტილატორებს გადაჭარბებით მოიხმარდა, რა დატვირთვასაც ქსელმა ვერ გაუძლო.

ცნობისთვის, 2024 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, Inter RAO-ს აქციონერები არიან: Inter RAO-ჯგუფი (32.56%), Free Float (31.24%), „როსნეფტეგაზი“ (27,63%) და ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია, ანუ „ФСК ЕЭС“ (8.57%).

რუსული Inter RAO დაკავშირებულია ქართულ „თელასთანაც“. საქართველოში კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც არის რუსული ენერგოგიგანტი Inter RAO; 24.53%-ს ფლობს შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“, 0.36%-ს კი დანარჩენი აქციონერები.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ელექტროენერგია საკმაოდ დიდი რაოდენობით გადიოდა. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში (საგარეო ვაჭრობის პორტალზე ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი ხელმისაწვდომი 2014 წლიდან არის) ყველაზე დიდი რაოდენობით დენი რუსეთში 2017 გავიდა, 5.082 მლნ დოლარის ღირებულების. მას შემდეგ ელექტროენერგიის ექსპორტი მცირდებოდა, თუმცა უკვე 2024 წლის იანვარ-აგვისტოში წინა 2 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კერძოდ, თუ 2022 წლის რვა თვეში რუსეთში გავიტანეთ 0.97 ათასი დოლარის ღირებულების დენი და 2023 წელს - 6.93 ათასის, 2024 წელს რუსეთში ქართული დენის იმპორტმა 140.25 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, ბოლო 15 წლის განმავლობაში (ამ შემთხვევაში საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები ხელმისაწვდომი 2009 წლიდან არის) ყველაზე დიდი მოცულობით დენი ჩრდილოეთიდან 2014 წელს შემოვიდა, 38.782 მლნ დოლარის. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი მხოლოდ 469.85 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ