2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.48 ლარს შეადგენდა. ამის შესახებ კვლევას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, აგვისტოსა და სექტემბერში ხაჭაპურის მომზადების საფასური მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. მაგალითისთვის, ივლისთან შედარებით სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსი 13%-ით არის გაზრდილი.
„ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (2024 წლის ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა. როგორც წესი, შემოდგომის დადგომასთან ერთად რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან ამ პერიოდში ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიცემა ხდება საჭირო,“ - აღნიშნულია კვლევაში.
სეზონური ცვლილებების გარდა, მიმდინარე წლის სექტემბერში ხაჭაპურის საშუალო ფასი 10.3%-ით აღემატებოდა 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: საფუარი (21.7%), რძე (17.6%), კარაქი (12.1%), ყველი (10.8%), ფქვილი (4.4%), კვერცხი (1.1%).
აღსანიშნავია ისიც, რომ „აისეტის“ ცნობით, წელს სექტემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს.
„თბილისისგან განსხვავებით, ხაჭაპური ყველაზე ხელმისაწვდომი ბათუმშია, სადაც ერთი ხაჭაპური 6.18 ლარი ღირს. თბილისსა და ბათუმს შორის სხვაობამ 86 თეთრი შეადგინა. ფასების ასეთი სხვაობა შეიძლება სეზონური ტურისტული აქტივობით აიხსნას, სექტემბერში ბათუმი და ზღვისპირა დასახლებები ნაკლებად მიმზიდველი ხდება, შესაბამისად, მოთხოვნა თბილისთან შედარებით ეცემა,“ - ვკითხულობთ კვლევაში.