შორაპან-არგვეთას ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის შუალედური გაჩერების პუნქტის მშენებლობა იგეგმება. ზესტაფონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც ობიექტი უნდა მოეწყოს, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. 53 588 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე თვის წინ გაასხვისა.
ქონება აუქციონზე 21 მაისს 2 295 000 ლარად გაიყიდა. საკადასტრო მონაცემებში ქონების მესაკუთრედ შპს „მივა ბილდერს“ ფიქსირდება.
საპრივატიზაციო დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში ქონების სრულად ან ნაწილობრივ განვითარება უნდა უზრუნველყოს. კერძოდ, ადგილზე არანაკლებ 30 ერთეული M2-M3 კატეგორიის ავტობუსების, 30 მსუბუქი და 10 მძიმეწონიანი, მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის ავტოსადგომი უნდა მოეწყოს.
ამასთანავე, ტერიტორიაზევე აშენდება მოსაცდელი, რომელიც არანაკლებ 150 ადამიანზე იქნება გათვლილი; მოეწყობა ასევე დაცვის მომსახურების სივრცე; ავტობუსების შესამოწმებელი ორმო; სამედიცინო მომსახურების პუნქტი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს; გენერატორი, გარე განათება, ვიდეო კონტროლი, სუპერმარკეტები, მგზავრთა საინფორმაციო სივრცე, ბავშვთა გასართობი სივრცე, ATM ავტომატებისა და სწრაფი გადახდის ტერმინალების სივრცე, აფთიაქი, არანაკლებ ათ კაბინიანი ორი ერთეული სველი წერილი, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, ასევე მორგებული უნდა იყოს ბავშვთა მოსაწესრიგებლად და ა.შ.
„ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ზესტაფონის მერიასთან შეთანხმებით, უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 ერთეული (თითოეული 20 კვ.მ.) ფართობის მქონე ხელნაკეთი ნივთების (მათ შორის, თიხის ჭურჭლის) სარეალიზაციო სივრც(ეებ)ის მოწყობა, საპრივატიზებო უძრავი ქონების ნაწილზე არანაკლებ 47 ერთეული კვების ობიექტ(ებ)ის მოწყობა და ამავე ვადაში, ამავე კვების ობიექტ(ებ)ის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პირებისათვის და პირობებით, 1 ლარად, არანაკლებ 12 თვის ვადით, იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემა“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
ობიექტის მოწყობისთვის კომპანიამ არანაკლებ 5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება თავად კომპანიას და მის მფლობელებს, შპს „მივა ბილდერს“ სამეწარმეო რეესტრში 2023 წლის აპრილში არის რეგისტრირებული. წილებს ვასიკო შერაზადიშვილი და თეა მეტრეველი თანაბრად ინაწილებენ.
ცნობისთვის, ავტოსადგურებს შორის ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტების მოწყობას ითვალისწინებს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ შესახებ.