„მთის ტრასების სააგენტო“ (ემ თი ეი) გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემისთვის დამატებითი თოვლსაფრქვევების შესაძენად გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 5 ერთეულ დანადგარზე, რომლის ღირებულება 241 250 ევროს შეადგენს.
ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ (ამჟამად „ემ თი ეი“) შესყიდვის საფუძვლად ხარისხის გაუარესების თავიდან აცილებას ასახელებს.
„2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საერთაშორისოვ სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მიერ დაბა გუდაურში დაგეგმილიავ მსოფლიო თასის ეტაპები, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდა დაბა გუდაურში შპს „ემ თი ეი“-ს მიერ არსებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემისთვის დამატებით 5 ერთეული თოვლსაფრქვევი დანადგარის შესყიდვა, რათა საშეჯიბრო ტრასა სრულყოფილად დაიფაროს თოვლით და საფრთხე არ შეექმნას მსოფლიო თასის ეტაპების ჩატარებას.
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ (ამჟამინდელი, შპს „ემ თი ეი“) მიერ 2018 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული N336 ხელშეკრულების საფუძველზე ,,technoalpinSpa“-მ დაგვიმონტაჟა დაბა გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, ჩვენს მიერ მოთხოვნილი დამატებით 5 ერთეული თოვლსაფრქვევი დანადგარი უნდა დაერთდეს არსებულ ხელოვნური გათოვლიანების სისტემაზე, ვინაიდან აღნიშნულ სისტემაზე არდაერთდება და ვერ შეძლებს სრულყოფილად ფუნქციონირებას სხვა მწარმოებელი კომპანიის მიერ წარმოებული თოვლსაფრქვევი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დამონტაჟდეს სწორედ იგივე მწარმოებლის (technoalpin Spa) მიერ დამზადებული თოვლსაფქრქვევი დანადგარი, რათა ხელოვნური გათოვლიანების სისტემამ შეძლოს მაქსიმალური სიმძლავრით სასრიალო ტრასის გათოვლიანება. ასევე არსებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემა იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელთანაც სხვა მწარმოებლის მოწყობილობა არ იქნება თავსებადი, რაც თავის მხრივ წარმოშობოს დამატებით პრობლემებს სისტემის მართვაში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.