Global Finance-მა ნათია თურნავას ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება მიანიჭა

Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება მიანიჭა.

ნათია თურნავასთვის Global Finance-ის მიერ მინიჭებული D კატეგორიის მიზეზად გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის შესახებ გამონაკლისის სახით გამოშვებული ბრძანება სახელდება, რომელსაც ფინანსური გამოცემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ახლო მეგობრად მოიხსენიებს.

„მას არაფერი გაუკეთებია ამ გადაწყვეტილების შესახებ შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად“, - წერია თურნავას შესახებ შეფასებაში.

ასევე თურნავას შეცდომად მიიჩნევა ის ფაქტიც, რომ გასული წლის მაისში მას მოსთხოვეს ლარის გასაძლიერებლად უცხოური ვალუტა დაეხარჯა. მიუხედავად ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის, პრეზიდენტისა და ევროკავშირის მწვავე წინააღმდეგობისა, რომელმაც შემდგომ საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებებიც კი შეაჩერა.

Fitch Ratings-ის მიხედვით, საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში 5,4 მილიარდი დოლარი იყო, მიმდინარე წლის ივნისში კი ის 4,6 მლრდ დოლარამდე დაეცა. ეს კლება თურნავას მმართველობის დაწყებიდან მალევე დაიწყო.

Global Finance-ის თანახმად, ნეგატიურად არის შეფასებული მონეტარული პოლიტიკაც. სებ-ი მიჰყვა საკმაოდ მჭიდრო სტრატეგიას, მაისში განაკვეთები 8%-მდე შემცირდა, მაშინდელი 2%-იანი ინფლაციის წინააღმდეგ. ივნისში ინფლაციამ პიკს 2.2% მიაღწია, შემდეგ აგვისტოში კი 1%-მდე დაიკლო.

ცნობისთვის, Global Finance-ის 2023 წლის რეიტინგში, ნათია თურნავას შესახებ შეფასებაში წერია, „საკმაოდ ადრეა შეფასება“.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 2 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა დაინიშნა.

ეკა დარჩიაშვილი