„ჩვენს წარმოებულ პომიდორს ვეღარ ვყიდით ჩვენს ბაზარზე, გესმით, რა საშინელ მდგომარეობაშია ქვეყანა - არანაირი მიდგომა, თუ რაში ვართ მაგრები და რაზე მოვახდინოთ პედალირება“

ჩვენისთანა ტიპის ქვეყანას 1 სამუშაო ადგილის შესაქმნელად 20-25 ათასი დოლარი სჭირდება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველო - "ლელო", ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" ერთ-ერთ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა და ისაუბრა თუ როგორ რა პერიოდში შექმნიან 200 ათას სამუშაო ადგილს ქვეყანაში არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

„ჩვენისთანა ტიპის ქვეყანას 1 სამუშაო ადგილის შესაქმნელად 20-25 ათასი დოლარი სჭირდება. აშშ-ში 1 სამუშაო ადგილი რომ შეიქმნას, 50 ათასი დოლარია საჭირო. შესაბამისად, 200 ათასი სამუშაო ადგილი რომ შევქმნათ, გვჭირდება 6 მილიარდი დოლარი. წარმოიდგინეთ, შარშან მხოლოდ ემიგრაციამ გადმორიცხა 4 მილიარდი დოლარი. ამით მე, უბრალოდ, ზომა მინდა დაგანახოთ და არა ის, თითქოს სამუშაო ადგილები ემიგრაციის ფულით შეიქმნება. 6 მილიარდის მოზიდვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუ ეკონომიკაში სერიოზული რეფორმები გატარდება.

მე და ბადრი ჯაფარიძეს ამ ქვეყანაში 3 მილიარდი გვაქვს შემოტანილი პირდაპირი ინვესტიციის სახით. შარშან პირდაპირი ინვესტიცია 1.4 მილიარდი იყო, აქედან ნახევარი საქართველოს ბაზარზე არსებულ უცხოურ კომპანიებს ჩაუთვალეს პირდაპირ ინვესტიციად ანუ პრაქტიკულად 600-650 მილიონი იყო პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში. ეს კი წარმოუდგენლად დაბალი რიცხვია, როდესაც ემინტენსები, ანუ ემიგრაციის გადმორიცხული თანხა, 4 მილიარდია.

მე მინდა დაგანახოთ სურათი, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სჭირდება უამრავი ინვესტიცია, უამრავი მიმართულებით განვითარება. 2 წელიწადში 37 ათასი რუსული კომპანია შეიქმნა, ევროპული და საე­რთაშორისო კომპანია კი შესაძლოა 500-ც არ იყოს. ბუნებრივია, თქვენი კითხვა ლეგიტიმურია. როდესაც ამ მდგომარეობას უყურებთ, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს და ბიუჯეტი იყოს უფრო დიდი ან გაორმაგდეს 4 წელიწადში, გაორმაგდეს ეკონომიკა და ისეთი რაღაცები მოხდეს, რამაც შეიძლება სამუშაო ადგილის დეფიციტი გამოიწვიოს.

პირდაპირ გეუბნებით - როცა ამ პროცესებს დავიწყებთ, სამუშაო ადგილებზე ხალხის ნაკლებობა გვექნება, რადგან ხალხს სჭირდება გადამზადება და კიდევ უამრავი რამ. ისე არ არის, ვიღაცა მოვიდეს, ინვესტიცია ჩადოს და აქ კვალიფიციური მუშახელი დახვდება. ასე ხომ არ არის? ჩვენს წარმოებულ პომიდორს ვეღარ ვყიდით ჩვენს ბაზარზე, ნაყინი და რძის ფხვნილი უცხოეთიდან შემოგვაქვს, ხორცპროდუქციაზე, ატამსა და ვაშლზე აღარაფერს ვამბობ. ხომ გესმით, რა საშინელ მდგომარეობაშია ქვეყანა. ღვინის მთელი მრეწველობა, ლამის 80%-მდე, რუსეთის ბაზარს მიემაგრა და ღვინოს ლიმონათის ფასად, 2.20 დოლარად ვყიდით. ამას დაამატეთ კორუფცია, ის, რომ არა აქვთ არანაირი გეგმა, თუ რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ, არანაირი­ კლასტერული მიდგომა, თუ რაში ვართ მაგრები და რაზე უნდა მოვახდინოთ პედალირება და ა.შ. უზარმაზარი ფონდები­ იხარჯება აქეთ-იქით.

რაში ვართ ძალიან მაგრები? შეგიძლიათ მითხრათ, რომ აი, ამ დარგში ვართ ძალიან მაგრები, ან ქიმიაში, ან ფიზიკაში, ან მსუბუქ მრეწველობაში? რა არის ჩვენი­ საექსპორტო პოტენციალი? აღმოჩნდება, რომ არაფერშიც არა ვართ მაგრები. როგორც კი ამას შევაფასებთ და მივხვდებით, რომ ასე არ შეიძლება, მაშინვე გაჩნდება იდეები, აზრები და რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია. ამიტომ პროპაგანდა, რომ თურმე 13 წელი არ ჰყოფნით და 35 წელი უნდა ვუყუროთ ამათ დაჭაობებულ პოლიტიკას, ასე არ გამოვა. ჩვენნაირი გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ და დიდ წარმატებას მიაღწია. ამის კარგი მაგალითი ირლანდიაა, ჩვენი ზომის ქვეყანა, ჩვენი რაოდენობის მოსახლეობით, ჩვენნაირად უზარმაზარი ემიგრაცია ჰყავს და დღეს ევროკავშირში, ლუქსემბურგის მერე, მეორე ეკონომიკა აქვს,“- აღნიშნა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

იხილეთ სრული ინტერვიუ: როგორ აპირებს „ლელო“ პენსიის გაზრდას 1000 ლარამდე?!